„სამწუხაროდ მართალია და ნაწილობრივ ეგრეა, თუმცა სამომავლოდ ვისურვებდი, რომ საქართველოს ეკონომიკურ ზრდას სხვა ფაქტორები განაპირობებდეს და მტერი არ აქებდეს საქართველოს“ - ასე გამოეხმაურა ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას, სადაც ლავროვი აღნიშნავს, რომ გასულ წელს საქართველოს მშპ 10%-ით გაიზარდა, რაც მნიშვნელოვანწილად რუსეთის ფედერაციასთან ტურისტული და სავაჭრო ურთიერთობის შედეგია.
სოსო ბერიკაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთიდან საქართველოში შემოსულ ხალხს საქართველოს ეკონომიკაში თავიანთი წვლილი შეაქვთ, ქვეყანას ეკონომიკური ზრდა მათ გარეშეც ექნებოდა.
„ეს განცხადება დიდწილად პოლიტიკური განცხადებაა და სამწუხაროა, რომ მტერი გაქებს, თუმცა ეკონომიკურ ნაწილში სამწუხაროა ის, რომ რუსეთიდან შემოსულ ხალხს თავისი წვლილი ჰქონდა. მეორეს მხრივ ეს ადამიანები, რომლებიც აქ ჩამოვიდნენ და რამაც საქართველოს ეკონომიკის დაბუსტვა გამოიწვია, ვგულისხმობ უძრავ ქონებაზე და რესტორნებზე მოთხოვნის ზრდას, არის ის ხალხი, რომელიც რუსეთის მობილიზაციას გამოექცა და რატომ არის ლავროვისთვის ეს საამაყო, არ ვიცი.
რასაკვირველია რუსეთიდან შემოსულ ხალხს და მათ გადმორიცხულ ფულს საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე გავლენა ჰქონდა, თუმცა ამან უარყოფითი გავლენაც მოახდინა ეს იყო ფასების ზრდა, ინფლაცია და ა.შ.“, - აღნიშნა სოსო ბერიკაშვილმა.
თაკო კვაჭანტირაძე