ევროატლანტიკური ინტეგრაცია ეს არის ჩვენი გარანტირებული მომავალი და ნებისმიერ საკითხზე, რომელიც ამას შეუქმნის პრობლემას, მსგავსი რეაქცია ექნება საზოგადოებას, — ასე შეაფასა „ნატახტარის“ კორპორატიულ საქმეთა დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები.
მისი თქმით, ბიზნესისთვის ქვეყანაში სტაბილური გარემო მნიშვნელოვანია, თუმცა დღეს მიმდინარე პროცესები დემოკრატიულია და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის მნიშვნელოვანია.
„ჩემთვის ეს ყველაფერი აბსოლუტურად დემოკრატიულია, მას სჭირდება ამ ტიპის პროცესები, იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ ევროპული ოჯახის წევრი ვართ და ამას ალტერნატივა არ აქვს. ევროატლანტიკური ინტეგრაცია ეს არის ჩვენი გარანტირებული მომავალი და ნებისმიერი საკითხზე, რომელიც ამას შეუქმნის პრობლემას, მსგავსი რეაქცია ექნება საზოგადოებას. ეს არის საზოგადოების აბსოლუტურად ჯანმრთელი პროცესი და მეტსაც ვიტყვი, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების თვალსაზრისით არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ნიშნავს ძლიერ ქვეყანას“, — ამბობს ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.
დღეს დილით ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტი საპარლამენტო უმრავლესობამ უკან გაიწვია. „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ, „ხალხის ძალამ“ და საპარლამენტო უმრავლესობამ ერთობლივ განცხადება გაავრცელეს. „მივიღეთ გადაწყვეტილება, უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე გავიწვიოთ ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი“, — წერია განცხადებაში.