ქვეყანაში ბიზნეს სესხებზე ნაკლებ ხელმისაწვდომობასა და მაღალ საპროცენტო განაკვეთებზე საუბარი არაერთხელ ყოფილა, აღნიშნულს „კომერსანტთან“ ბიზნესის არაერთი წარმომადგენელი და საბანკო სფეროს სპეციალისტიც ადასტურებდა. რამდენიმე დღის წინ, ბიზნეს სექტორისთვის ფუნდამენტური პრობლემები საქართველოს ბიზნეს სექტორის ფეხზე დადგომის შემაფერხებელ ფაქტორებად იქნა განხილული ევროპული ბიზნეს ასოციაციის გენერალური დირექტორის, ჯონ ბრაეკეველდტის მიერ.
„გვაქვს ბევრი მტკიცებულება, რომ დაფინანსება, რომელიც შემოდის ქვეყანაში, მიდის კომერციულ ბანკებში. აღნიშნული საფინანსო ინსტიტუტები კი მას არ გასცემენ მცირე და საშუალო სექტორზე (SME), ანუ იმათზე, ვისაც ეს სჭირდება. სესხებზე ამჟამად არსებული პროცენტების გათვალისწინებით, შეუძლებელია დაგეგმო ბიზნესი. ევროპაში ეს განაკვეთი 0.5-დან 5%-მდე მერყეობს. საქართველოში კი როცა გაქვს 20%-იანი სესხი, შეუძლებელია ბიზნესმა მოგება მიიღოს, განსაკურებით პირველ წლებში“ – აცხადებს ჯონ ბრაეკეველდტი.
„კომერსანტი“ დაინტერესდა, როგორ აფასებენ ბიზნესმენები ქვეყანაში არსებულ ბიზნესგარემოს, რამდენად ხელმისაწვდომია დღეს ბიზნესისთვის სესხები და არსებული საპროცენტი განაკვეთები იძლევა თუ არა იმის საშუალებას, რომ ბიზნესმა თავისუფლად შეძლოს როგორც დაფუძნება, ისე ოპერირება და განვითარება?
„ბიზნესისთვის სესხებზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი ბანკების ბრალი არაა, ეს არის ზოგადად საინვესტიციო გარემოს ბრალი - ბაზარი ადგენს საპროცენტო განაკვეთს და ეს არ არის ბანკების ერთპიროვნული გადაწყვეტილება.“ - ამის შესახებ „კომერსანტთან“ ბიზნესმენმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა ისაუბრა.
მისი აზრით, 20 პროცენტამდე ბიზნესსესხი, როგორც მოგების წინაღობა, ბაზრის პრინციპების შედეგია. სესხის განაკვეთი საქათველოში ისეთივე მდგომარეობაშია, როგორშიც ეროვნული ვალუტა და კონკურენციის ბაზარი.
„ზოგადად სესხის ხელმისაწვდომობის პრობლემა ნომერ პირველია ჩვენს ქვეყანაში, ეს პერიოდი აუცილებლად დაგვიდგება, განსაკუთრებით პანდემიის შემდგომ. ძალიან ბევრი ბიზნესი გაჩერებული იყო და მათი ამოქმედების მნიშვნელოვანი კომპონენტი თანხებია. საიდან უნდა მიიღოს ბიზნესმა ეს თანხები? სამინისტროს მიერ შემოთავაზებული საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის შემოღების მიზანია ბიზნესს გაუადვილდეს ბანკიდან თანხების მიღება. საქართველოში ბიზნესისთვის მიზანმიმართული დაბალპროცენტიანი რესურსი არ არსებობს. ხსენებული პროგრამის პირობებში კი სახელმწიფოს მხრიდან გარანტად ყოფნა ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია. ამასთან, ძალიან ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე, ბანკს ძვირი რესურსი აქვს. ჯერ არ გვაქვს საინვესტიციო რეიტინგი, გვაქვს საერთაშორისო კომპანიების მიერ შეფასებული საკრედიტო რეიტინგი. ის ფინანსური რესურსი რაც ბანკს აქვს, არის ძვირადღირებული. გასათვალისწინებელია ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში. ანუ, ყველაფერი აკუმულირდება პროცენტში, ამიტომ არის უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთი ჩვენთან, ვიდრე ევროპაში. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ დიდი კონკურენციაა საბანკო სექტორში ბაზარზე. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს 20 პროცენტამდე სესხის განაკვეთი არ არის ხელოვნურად გაზრდილი.“- განმარტავს ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.
დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ივა ჭყონია საკუთარი სფეროდან გამომდინარე განმარტავს, რომ ბიზნესისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს ბანკებს, რადგან მათ გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა ოპერირების გაგრძელება.
„20%-იანი სესხი ბიზნესისთვის კატასტროფაა. საქართველოს რეალობა მთლად ამხელა არ არის, მაგრამ ბევრი არ უკლია, ჩვენთან სესხი ლარში 14-დან 18 პროცენტამდე მერყეობს.
ძალიან რთულია ასეთ მაღალპროცენტიანი სესხით არსებობა ბიზნესისთვის. ლარი ახლა სტაბილურობისკენ მიდის, თუმცა, ეს რამდენად გრძელვადიანია, ვერ გეტყვით. ამის საშუალებას ვალუტის პრეისტორია ნამდვილად არ გვაძლევს. ბოლო 7 წლის განმავლობაში ლარის უარყოფითი მაჩვენებელი ნეგატიურად აისახება წარმოებაზეც და დისტრიბუციაზეც. სადისტრიბუციო კომპანიებს თუ ვალდებულება გასასტუმრებელი აქვთ დოლარში ან ევროში, ასევე ბანკიდან აქვთ სესხი აღებული უცხოურ ვალუტაში, ეს საკმაოდ მძიმე სურათს ქმნის. ჩვენი სფერო წლიდან წლამდე ზარალდება, არის შემთხვევები როცა მოგებაზეც ვერ გადიან კომპანიები. ამ შემთხვევაში, ბიზნესი სარგებელს მხოლოდ ბანკებიდან ნახულობს. ბანკების პროცენტი, მითუმეტეს ახლა, კატასტროფულად რომ გაიზარდა, ფაქტია. თუმცა, რომ არა ბანკების მხარდაჭერა, ამ სიტუაციაში ბიზნესი უბრალოდ გაქრებოდა. ნებისმიერი ბიზნესის სახელით შემიძლია ვისაუბრო, რომ წარმოუდგენელი იქნებოდა ოპერირების გაგრძელება,“ - აცხადებს ბიზნესმენი ივა ჭყონია.
მარიამ მორგოშია