რადიო „კომერსანტის“ დილის ეთერში რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „საქრძის“ აღმასრულებელმა დირექტორმა კახა კონიაშვილმა განაცხადა, რომ ნედლი რძის ფასმა პიკურ ნიშნულს მიაღწია. კახა კონიაშვილის თქმით, მიუხედავად ამისა, მაღალი ფასი ინვესტორებს მაინც ვერ იზიდავს, რადგან სექტორში არაკეთილსინდისიერი კონკურენცია და უკონტროლო პროდუქტის სიჭარბეა.
„ნედლი რძის ფასმა პიკურ ნიშნულს მიაღწია. ასეთი ფასი მსოფლიოს არც ერთ წერტილში არ ფიქსირდება. ერთის მხრივ, ეს ინვესტორების მოზღვავებას უნდა იწვევდეს იმიტომ, რომ მაღალი ფასი ყოველთვის მიმზიდველია მათთვის, ვისაც ფერმის დაარსებაში ფულის ჩადება უნდა. გამომდინარე იქიდან, რომ სურსათის უვნებლობის მთლიანი ციკლი შეკრული არ გვაქვს და სექტორში არაკეთილსინდისიერი კონკურენციაა, ამ სფეროში ინვესტიციების მოზიდვა ძალიან რთულია. ინვესტორი იმას უყურებს, რა ხდება ბაზარზე და ვისთან მოუწევს კონკურენცია,“ - განაცხადა კახა კონიაშვილმა.