ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ორშაბათს განაცხადა, რომ სასამართლო რეფორმის განხილვის გეგმა გადაიდო და მას სურს კომპრომისის მოძიება საკამათო რეფორმის მოწინააღმდეგეებთან, ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
„როდესაც არის შესაძლებლობა, თავიდან ავიცილოთ სამოქალაქო ომი დიალოგის გზით მე, როგორც პრემიერ-მინისტრი, დიალოგისთვის პაუზას ვაკეთებ”, - თქვა ნეთანიაჰუმ.
რუსული პრესა რადიოსადგურ „ჰარუც შევასზე“ დაყრდნობით წერს, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და ეროვნული უშიშროების მინისტრი იტამარ ბენ-გვირი შეთანხმდნენ, რომ სასამართლო რეფორმის შესახებ კანონის მიღება ქნესეტის ზაფხულის სესიამდე გადადოს.
ბოლო კვირებში ქვეყანაში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები იმართება სასამართლო სისტემის რეფორმის წინააღმდეგ, რომელსაც ნეთანიაჰუს მთავრობა ახორციელებს. 27 მარტს ქუჩის აქციებს დაემატა სხვადასხვა დონის თანამდებობის პირების, ექიმების, მასწავლებლების, ტრანსპორტის მუშაკების გაფიცვები - კერძოდ, ბენ გურიონის აეროპორტმა და ისრაელის უდიდესმა საზღვაო პორტებმა შეწყვიტეს მუშაობა.