Netflix-სა და ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილს შორის დავა შეთანხმებით დასრულდა, ამის შესახებ ინფორმაციას Variety წერს. საქმე ეხება სერიალს ლაზიერის გამბიტი, სადაც ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკეა ნახსენები - ბოლო ეპიზოდში გაფრინდაშვილზე ამბობენ, რომ ის კაც მოჭადრაკეს არასოდეს შეხვედრია. რეალურად, ნონა გაფრინდაშვილს 1968 წლისთვის უკვე 59 კაც მოჭადრაკესთან ჰქონდა თამაში გამართული, სწორედ ამ პერიოდს ასახავს სერიალის სიუჟეტი.
შეგახსენებთ, რომ ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი, პირველი ქალი მოჭადრაკე, რომელმაც ვაჟთა შორის დიდოსტატის წოდება მოიპოვა, უმსხვილეს სტრიმინგს Netflix-ს მის მიმართ შეურაცხმყოფელი, ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის ედავება.
საქმე ეხება სერიალ „ლაზიერის გამბიტს“ (The Queen’s Gambit), რომლის კულმინაციურ ეპიზოდში, ჭადრაკის დიდოსტატის უმნიშვნელოვანესი კარიერული მიღწევის შესახებ მიზანმიმართულად გაჟღერდა ცრუ ინფორმაცია, რომ მას მამაკაც მოჭადრაკეებთან არასდროს უთამაშია; ამავდროულად სერიალში იგი მოხსენიებულია, როგორც რუსი მოჭადრაკე (ცნობისთვის, Netflix უმსხვილესი სტრიმინგ და მედია მაგნატია, რომლის წლიურმა შემოსავალმა 2021 წელია 28 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა).