რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კომპანიის თანამშრომლები უკრაინის ომში რუსეთის წარმატების სურათის შესაქმნელად იყენებდნენ უშიშროების სამსახურის წერილებს, ჩინურ პროპაგანდას და აშშ-ის კონსერვატიულ მედიას, - ამის შესახებ წერს გაზეთი The New York Times, რომლის ჟურნალისტებმა გაანალიზეს და შეამოწმეს სახელმწიფო ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კომპანიის მიმოწერა 2022 წლის იანვრიდან მარტამდე.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღეს რუსეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა მედიასაშუალებებს გაუგზავნა წერილი, სადაც ის მათ „კოლეგებად“ მოიხსენიებს და ამტკიცებს, რომ უკრაინელი ჯარისკაცები პოზიციებს ტოვებდნენ. მარტის თვეში უშიშროების უწყებამ სახელმწიფო მედიის თანამშრომლებს დაუგზავნა ორი მოკლული უკრაინელი ოფიცრის საქმეები. უშიშროების სამსახური ამტკიცებდა, რომ ისინი ტერორისტები იყვნენ და სამოქალაქო პირები ჰყავდათ დახოცილი. ამასთან, უშიშროების სამსახური მედიისგან ითხოვდა, რომ ახალ ამბებში ის არ დაესახელებინათ როგორც ინფორმაციის წყარო, წერს NYT.
მარიუპოლის თეატრის დაბომბვის შემდეგ, სადაც დაიღუპა ასობით ადამიანი, ვინც თავს აფარებდა მის ბუნკერს, უშიშროების სამსახურმა მედიასაშუალებებს გაუგზავნა წერილი, რომელიც აღნიშნული იყო როგორც „მნიშვნელოვანი“. მას ერთოდა ვიდეო, სადაც ერთი ქალი ლაპარაკობდა იმაზე, თუ როგორ ააფეთქეს თეატრი უკრაინელმა ნაციონალისტებმა, და არა რუსმა სამხედროებმა. წერილი შეიცავდა თხოვნას, რომ გამოეყენებინათ ეს მასალა.
გაჟონილ წერილებს შორის იყო რადიო-ტელემაუწყებლობის კომიტეტის თანამშრომლების მიმოწერაც. ისინი ერთმანეთს უზიარებდნენ აშშ-ის ნაკლებად ცნობილი ან მსხვილი კონსერვატიული მედიასაშუალებების მასალები, სადაც ჩანდა, რომ აშშ-ის მოქალაქეები უკმაყოფილო იყვნენ სანქციებით. ისინი ასევე იყენებდნენ ჩინეთის მედიის გადამუშავებულ მასალებს, რითაც ასევე ქმნიდნენ შთაბეჭდილებას, რომ ჩინეთის რუსეთის მხარს უჭერდა „სამართლიან ომში“ უკრაინის წინააღმდეგ.
ამასთან ერთად, რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კომპანიის თანამშრომლები მიმოიხილავდნენ, როგორ აღიქმებოდა მათი ახალი ამბები უცხოეთში. მაგალითად, მოჰყავთ წითლად ხაზგასმული, როგორც უარყოფითი, ციტატა, გერმანული ჟურნალიდან რუსეთის ტელევიზიის შესახებ, რომ ის არის „სიცრუის, სიძულვილის და აბსურდის შხამიანი ნარევი" და იქვე მოიხსენიება დმიტრი კისელიოვი.
რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კომპანიას NYT-ის თხოვნაზე კომენტარის შესახებ არ უპასუხია.