მსახიობი ნიკა ქავთარაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „2020 წელს ვინმემ რომ დახეული ჯინსების გამო გაგაკრიტიკოთ, ხომ გაგეცინებათ და ცოტა სულელად ჩათვლით? კი, ხო? აი, მერე რომ გაიგოთ, რომ ეგეთი ადამიანის ხელშია პროკურატურა და სასამართლო? - მაინც გაგეცინებათ ?!“-წერს ქავთარაძე.
შეგახსენებთ, გუშინ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, ომბუდსმენ ნინო ლომჯარიას ასე მიმართა: „ციხეში ისეთ თანამშრომელს ნუღარ გამოგზავნით, რომელსაც დახეული ჯინსი აცვია. ამ ადამიანს ოპერაში არ შეუშვებენ, არათუ ციხეში“.
კომიტეტის სხდომაზე მინისტრმა ვიდეოჩანაწერი წარადგინა, სადაც, მისი თქმით, ასახულია სახალხო დამცველის წარმომადგენელი, რომელიც „ორჯერ ადუღებინებს ყავას პატიმარს, მიირთმევს მის შოკოლადს და 4 საათი რჩება ე.წ. მონიტორინგის ცენტრში“.