როდესაც მთავრობა საუბრობს ფასების ზედა ზღვრის დაწესებაზე, ეს ნიშნავს, რომ ის ვერ აგვარებს ამ საკითხებს და არაკომპეტენტურია, - ამის შესახებ „კომერსანტთან“ საერთაშორისო კვლევების და პროგნოზების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკა შენგელიამ განაცხადა. როგორც შენგელია ამბობს, საქართველოში მაღალი ფასები ყოველთვის იყო, იმპორტიორების მაღალი მარჟაც არახალია და შემოტანილი პროდუქცია მაღაზიებში 80-100%იანი ფასნამატით იყიდებოდა.
რაც შეეხება სურსათის ფასების რეგულირებას, რომლის გამართლებასაც პრემიერ-მინისტრი ევრო დირექტივის სახელით ცდილობს, საერთაშორისო კვლევების და პროგნოზების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საქართველოში პროდუქცია ევროპის ფასებზე უფრო ძვირად იყიდება, რაშიც წვლილი დიდ ქსელურ მარკეტებსაც მიუძღვით.
„სურსათთან დაკავშირებით, ერთში რასაც მთავრობას ვეთანხმები, სწორია, რომ დიდი ქსელები, როგორიცაა „კარფური“ და სხვა, იმპორტიორებს როდესაც შეაქვთ საქონელი, გარკვეულ წესებს უყენებენ. „ქეშბექს“ სთხოვენ, რომ გაყიდული საქონლის 25%-ი უკან დაიბრუნონ. ზოგი თაროების მიყიდვის ფასს ითხოვს. ეს ყველაფერი პროდუქციის ფასს აძვირებს. თუ ავიღებთ იტალიის, ესპანეთის და ევროპის სხვა ქვეყნების ფასებს საქართველოში ფასები პროდუქტებზე და თან უხარისხოზე გაცილებით მაღალია, ვიდრე ევროპის სხვა და სხვა ქვეყნებში. ვფიქრობ, რომ ასეთი მიდგომით მთავრობის ეკონომიკური გუნდი ამ საკითხებს ვერ გადაწყვეტს. ეს ადრე თუ გვიან ცუდად მოუბრუნდება ჩვენს შიდა ბაზარს,“ - მიიჩნევს ნიკა შენგელია.
საერთაშორისო კვლევების და პროგნოზების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი ამბობს, რომ ზოგადად ბიზნესის და ეკონომიკური საქმიანობის მთავარი საფუძველი არის მოგების მიღება და თუ ბიზნესს უკრძალავ და ეუბნები, რომ გარკვეული მოგება შეიმციროს ეს რა თქმა უნდა ცუდია.
„რაც შეეხება საბაზრო ეკონომიკას და მის უხილავ ხელს, ეს უკვე დიდი ხანია აღარ მოქმედებს, აქ კი არა, მთელს მსოფლიოში. თუ ვამბობთ იმას, რომ საბაზრო ეკონომიკა გაქვს, მაშინ ეს რეგულაციები რაღა საჭიროა? თუ მთავრობა ასკვნის, რომ ის ინფლაცია რაც ქვეყანაშია, არის ამ იმპორტიორების ძალიან დიდი მარჟა, მაშინ მოვტრიალდეთ და ვკითხოთ ეროვნულ ბანკს, თუ ეს მართლა ასეა, მაშინ ფულად საკრედიტო მონეტარული პოლიტიკის ზეგავლენით არ ყოფილა ინფლაცია და რატომ უჭირავთ მაშინ ის 11%-იან განაკვეთზე?
ჩვენ მთავრობას არ ჰყავს კომპეტენტური კადრები იმისათვის, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული სწორი დასკვნები გამოიტანოს, ამას პირდაპირ ვამბობ. ჩვენ გვქონდა გარკვეული კვლევები საწვავის ფასთან დაკავშირებით და მივედით იმ დასკვნამდე, რომ საწვავის ფასები საკმაოდ გაზრდილი იყო საზღვრამდე. ანუ სპეციალურად მაღალი ფასი ეჭირათ. ის, რომ ახლა საწვავის ფასი დაბლა ჩამოდის ეს გამოიწვია იმან, რომ რუსეთში შეიქმნა საწვავის პროფიციტი. იმიტომ, რომ ევროკავშირის აკრძალვების შემდეგ საკმაოდ ბევრი ნავთობი დაგროვდა რუსეთში და ის გარკვეულწილად ჩვენს ქვეყანაში შემოედინება. ამიტომ საწვავის ფასის გაიაფება მთავრობის დამსახურება ნამდვილად არ არის. მე გავიხსენებ იმ ფაქტს, რომ 1 წლის წინ ჩვენი ეკონომიკის მინისტრი აზერბაიჯანში დარბოდა, რომ საწვავის ფასები გაიაფებულიყო.
როგორც რუსეთი ევროკავშირთან მოაგვარებს ნავთობპროდუქტების ექსპორტის საკითხს და ეს ადრე თუ გვიან ასეც მოხდება, მაშინვე საწვავის ფასები ელვისებურად გაიზრდება საქართველოში და დავბრუნდებით იგივე პროცესებში რა პროცესებშიც ვიყავით. თუ მთავრობა უნდა რომ საწვავის ფასზე გარკვეული რეგულაცია ჰქონდეს და საქართველოს ბაზარზე ყველა მოთამაშე იყოს ერთ პირობებში ამისათვის მან უნდა შექმნას სახელმწიფო საწარმო, რომელიც დაკავდება ამ საკითხებით და იქ უნდა იყოს კომპეტენტური ადამიანები, რომლებიც ამ მიმართულებით იფიქრებენ“, - აცხადებს ნიკა შენგელია.