რუსი რეჟისორი და კრემლის აქტიური დამცველი ნიკიტა მიხალკოვი დასავლური სანქციების ქვეშ მოხვდა. მისი სახელი იმ „შავ სიაშია“ შეტანილი, ვისთვისაც ევროკავშირის საზღვრები დაიკეტა.
უახლოეს მომავალში რეჟისორს ჩამოართმევენ მამულებს იტალიასა და ესპანეთში. იტალიაში მიხალკოვს ვილა, ვენახები და ღვინის ქარხანა აქვს.
ცნობილია, რომ რეჟისორი ხშირად ისვენებს ტოსკანას მამულ „ლა მადონაში,“ სადაც მდიდრული სახლის გარდა, თითქმის 12 ჰექტარზე გაშენებული ვენახი და ღვინის ქარხანა აქვს. მიხალკოვი თავის იტალიურ მამულში წითელ, თეთრ, მშრალ, ნახევრად მშრალ, სულ ათზე მეტი სახეობის ღვინოს აწარმოებს. იტალიაში დაწურული ღვინის გაყიდვა მიხალკოვმა მოსკოვში 7 წლის წინ დაიწყო და დღემდე წარმატებით მიეწოდება მისი ღვინოები რუსულ რესტორნებს.
დასანქცირების შემდეგ, მას ესპანეთის ვილასაც ჩამოართმევენ. მიხალკოვის ვილა ანდალუსიაში რამდენიმე მილიონ ევროდაა შეფასებული.