სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელი, გენერალ-პოლკოვნიკი ონიკ გასპარიანი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
„გადაწყვეტილება მივიღე, თანამდებობიდან გავათავისუფლო გენერალური შტაბის ხელმძღვანელი და მისი პირველი მოადგილე. თავდაცვის მინისტრი უკვე ამზადებს გენერალური შტაბის ახალი ხელმძღვანელისა და მისი მოადგილეების დანიშვნის შესახებ შესაბამის გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
მანამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მოთხოვნას, მისი გადადგომის შესახებ, სამხედრო გადატრიალების მცდელობა უწოდა.
სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა მოითხოვა.
„სომხეთის შეიარაღებული ძალები დიდი ხნის განმავლობაში ითმენდა ხელისუფლების თავდასხმებს არმიაზე, თუმცა ყველაფერს საზღვარი აქვს. ხელისუფლების არაეფექტურმა მმართველობამ და საგარეო პოლიტიკაში სერიოზულმა შეცდომებმა ქვეყანა კრიტიკულ მდგომარეობამდე მიიყვანა“, - ნათქვამია გენერალური შტაბის განცხადებაში.
imedinews.ge