ნიკორას სუპერმარკეტების ქსელი 2019 წელს 30 ერთეულით გაიზარდა. მკვეთრი მატება აღინიშნება ასევე აქტივებისა და შემოსავლების ნაწილში, თანამშრომელთა რაოდენობამ 5000-ს გადააჭარბა, თუმცა კალენადარული წელი კომპანიამ მაინც 15 მლნ ლარი ზარალი დაასრულა. აუდიტორული დასკვნა GrantThornton-მა მოამზადა.
ჯამური აქტივების მოცულობა მკვეთრად 130 მლნ ლარიდან 243 მლნ ლარამდეა გაზრდილი. 1 წლის განმავლობაში მოკლევადიანი აქტივები 12 მლნ-ით 58 მლნ ლარამდე გაიზარდა, ხოლო გრძელვადიანი 99 მლნ-ით 185 მლნ ლარამდე.
გასულ წელს ნიკორამ 440 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, 95 მლნ ლარით მეტი ვიდრე 2018 წელს. 440 მლნ-დან რეალიზაციის თვითღირებულება 325 მლნ-ს შეადგენდა, შესაბამისად მოგებამ რეალიზაციიდან 115 მლნ ლარი შეადგინა, 27 მლნ-იტ მეტი ვიდრე 2018 წელს.
2019 წელს გაიზარდა როგორც დისტრიბუციის 49 მლნ-დან 59 მლნ ლარამდე, ასევე ადმინისტრაციული ხარჯები 33 მლნ-დან 47 მლნ ლარამდე.
კურსთაშორის სხვაობამ კომპანია 7.3 მლნ ლარით აზარალა. ფინანსურმა ხარჯებმა 15 მლნ შეადგინა, სხვა არასაოპერაციო ხარჯებმა 2 მლნ ლარი. შედეგად ნიკორამ წელი 15.5 მლნ ლარიანი ზარალით დაასრულა. 2018 წელს ზარალი 1.14 მლნ-ს შეადგენდა.
როგორც ანგარიშშია ნათქვამი COVID 19-მა მართალია გაზარდა კომპანიის ხარჯები, რაც სავალდებულო სადეზინფექციო საშუალებების შეძენითა და კომენდანტის საათის დროს თანამშრომელთა ტრანსპორტირებით იყო გამოწვეული, მაგრამ ამავე დროს შეამცირა იჯარის ხარჯები, ასევე გაიზარდა შინამეურეობების მოხმარების მაჩვენებელიც.
კომპანიის მონაცემებით 2019 წლის მდგომარეობით ნიკორა არამხოლოდ მაღაზიების რაოდენობით, არამედ ვაჭრობის მოცულობითაც პირველ ადგილს იკავებდა.
რაც შეეხება კონკურენტებს, ფუდმარტი -„სპარისა“ და „იოლის“ მაღაზიათა ქსელები 2019 წელს 150 ობიექტით იყო წარმოადგენილი. კომპანიამ 210 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, დაბეგვრამდე არსებულმა მოგებამ 5.7 მლნ ლარი შეადგინა.
51 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო „ფრესკომ,“ რომელმაც წელი 1.7 მლნ ლარის მოგებით დაასრულა.
„ორ ნაბიჯსა“ და „მაგნიტს“ 2019 წლის ანგარიშგებებები არ გაუსაჯაროებიათ.
გიორგი ელიზბარაშვილი