შანხაის მოდის კვირეულიდან სულ ახლახან დაბრუნებული ცნობილი ქართველი დიზაინერი, Nina Zarqua Collection-ის დამფუძნებელი ნინა ზარქუა ექსპორტზე საკუთარი კოლექციის სოლიდურ ზრდას ელის. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ მოდის ინდუსტრიაზე ნეგატიურად იმოქმედა, ბიზნესი ძალებს იკრებს. ამის დადასტურებაა 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონის მოდის კვირეულის თანმდევ ღონისძიებებში ქართული ბრენდების აქტიური ჩართულობა.
ქართველ დიზაინერებს ამ მხრივ დიდ დახმარებას უწევს სააგენტო ,,აწარმოე საქართველოში“, რომელმაც ევროკავშირის და გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის „კლასტერები განვითარებისთვის“ მხარდაჭერით, 10 ქართულ კომპანიას შესაძლებლობა მისცა, მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში გამართულ მოდის ჩვენებებში მიეღოთ მონაწილეობა და ქართული ბრენდების მეტი პოპულარიზაცია მოეხდინათ. ესენია: Moreislove.com, ANOUKI, Keburia, LALO, Nina Zarqua Collection, DALOOD, #LIYA, SITUATIONIST, ESHVI და #NeverNotJewellery.
ქართველი დიზაინერების კოლექციები წარმოდგენილია მსოფლიოს 5 ქალაქში: პარიზი, მილანი, შანხაი, ლონდონი და სინგაპური.
მასშტაბური ჩვენების შემდეგ სამშობლოში დაბრუნებული ნინა ზარქუა ახალი გამოწვევებისთვის ემზადება. როგორც დიზაინერი ,,კომერსანტთან“ ამბობს, მისი ნამუშევრების ძირითადი მყიდველი სხვა ქვეყნების მოქალაქეები არიან, თუმცა პრიორიტეტად რჩება ასევე ქართველი მომხმარებელი, რომლებსაც დიზაინერი განსაკუთრებულ, 40%-იან ფასდაკლებას სთავაზობს და ცდილობს, ამით სამშობლოში ძვირადღირებულ ბრენდზე ხელმისაწვდომობა შეძლებისდაგვარად გაზარდოს.
,,შანხაის მოდის კვირეულზე მივიღეთ მონაწილეობა და ფანტასტიკური შოურუმი მოვაწყვეთ. ამაში დიდი დახმარება გაგვიწია სააგენტომ ,,აწარმოე საქართველოში“, რომელმაც გამოფენისთვის განკუთვნილი ბიუჯეტის 50%-ით დაგვაფინანსა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, შედეგი გამოფენის დასრულებიდან 2-3 კვირაში გამოჩნდება, თუმცა წინასწარ ვიცით, რომ საკმაოდ კარგი წელი გველოდება“, - ამბობს ზარქუა.
მისი თქმით, ქართველი დიზაინერების საქმიანობის წარმატებისთვის გლობალურ გამოფენებში მონაწილეობა მნიშვნელოვანია, რადგან ონლაინ გაყიდვები პანდემიისგან გამოწვეული პრობლემის მოგვარებას ვერ შველის.
,,მოდა ხელოვნებაა, უნდა შეეხო, ფეხსაცმელი უნდა ჩაიცვა და ტანსაცმელი გაიზომო, მითუმეტეს, როცა ძვირადღირებულ ტანსაცმელზეა საუბარი. ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ ნატურალურ პროდუქციას, ძირითადად ტყავს, ასევე ძვირიან აქსესუარებს, მათ შორის, სვაროვსკის კრისტალს, ყველაფერი კეთდება ხელით, რაც დიდ ფინანსურ რესურსს მოითხოვს. იქიდან გამომდინარე, რომ ძვირადღირებული ბრენდის მომხმარებელი საქართველოში ნაკლებია, 40%-იან ფასდაკლებას ვთავაზობთ. ამით ხელს ვუწყობ, რომ ქვეყნის შიგნით მომხმარებელთა წრე გაფართოვდეს. გლობალურ ბაზრებს ეს არ სჭირდება, ამ მხრივ მდგომარეობა იქ ბევრად უკეთესი და სტაბილურია“, - ამბობს ქართველი დიზაინერი.
ცნობისთვის, დიზაინერ ნინა ზარქუას ბრენდი 2016 წელს შეიქმნა და მან მალევე დაიპყრო არაერთი მომხმარებლის გული. დიზაინერი ქმნის არა მხოლოდ ფეხსაცმელს, არამედ სამკაულებს, ჩანთებსა და მაისურებს.
Nina Zarqua Collection-ის მიერ წარმოებული პროდუქციის 70% გლობალურ ბაზრებზე იყიდება, ძირითადად აზიის ქვეყნებში, აშშ-ში, ინგლისში და სხვა.
მარი ჩიტაია