საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ თავმჯდომარემ მინდია დავითაძემ, 2020 წლის 1 ოქტომბერს საზეიმო ვითარებაში მოაწერა ხელი „ნინოწმინდის თაფლის“ რეგისტრაციის მოწმობას. ინფორმაციას „საქპატენტი“ ავრცელებს.
„ახალციხეში, რაბათის ციხის ტერიტორიაზე დამადასტურებელი დოკუმენტი გადაეცათ მწარმოებელი კოოპერატივის „კოდის“ წევრებს, რომლებმაც შემოიტანეს განაცხადი „ნინოწმინდის თაფლის“ გეოგრაფიულ აღნიშვნად რეგისტრაციაზე.
გეოგრაფიული აღნიშვნების სახელმწიფო რეესტრში „ნინოწმინდის თაფლის“ დამატება, ნიშნავს რომ აღნიშნული პროდუქტის განსაკუთრებული ხარისხი, თვისებები და რეპუტაცია, რომელიც განპირობებულია სამცხე-ჯავახეთის რეგიონისთვის დამახასიათებელი გარემო პირობებითა და ადამიანური ფაქტორით, აღიარებულია სახელმწიფო დონეზე.
რეგისტრაციის პროცედურის განხორციელების შემდეგ, მწარმოებელი კოოპერატივის წევრებს ჩაუტარდათ პრეზენტაცია „გეოგრაფიული აღნიშვნა“. საქპატენტის ინტელექტუალური საკუთრების სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელმა, ანა დალაქიშვილმა გააცნო მათ გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის უპირატესობები და გეოგრაფიული აღნიშვნების მართვის კოლექტიური ორგანიზაციების საქმიანობის ძირითადი მიმართულებები.
გეოგრაფიული აღნიშვნა არის გეოგრაფიული ადგილის სახელი, რომელიც გამოიყენება ისეთი პროდუქტის აღნიშვნისთვის, რომლის განსაკუთრებული ხარისხი, თვისებები ან რეპუტაცია განპირობებულია ამ წარმოების ადგილისთვის დამახასიათებელი გარემო პირობებითა და ადამიანური ფაქტორით.
გარემო პირობებში იგულისხმება ნიადაგისა და წყლის შემადგენლობა, კლიმატი, ლანდშაფტი და სხვა ბუნებრივი მახასიათებლები. ადამიანური ფაქტორი მოიცავს ადგილობრივ მოსახლეობაში არსებული წარმოების ტრადიციულ ცოდნასა და გამოცდილებას“ – ნათქვამია ინფორმაციაში.