ნიუ-იორკი შესაძლოა, აშშ-ს პირველი შტატი გახდეს, რომელიც მოდის გლობალურ ბრენდებს მათი კლიმატური და სოციალური ზემოქმედებისა გამჟღავნებას და სათბურის გაზების ემისიების შესამცირებლად ზომების მიღებას მოსთხოვს.
კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, "მოდის მდგრადობისა და სოციალური ანგარიშვალდებულების აქტი" გავრცელდება Armani-ს, LVMH-ის, Nike-ის და სხვა ტანსაცმლის ბრენდებზე, რომელთა წლიური შემოსავალი $100 მილიონზე მეტია. კომპანიები, რომლებიც არ დაიცავენ კანონს, შესაძლოა, $450 მილიონიანი ან მეტი შემოსავლის 2%-ით დაჯარიმდნენ.
აღსანიშნავია, რომ გაეროს მონაცემებით, მოდის ინდუსტრია გლობალური სათბურის გაზების ემისიების 10%-ზეა პასუხისმგებელი.
კანონპროექტი საკანონმდებლო კომიტეტს ოთხშაბათს გადაეცა. მისი დამტკიცების შემთხვევაში, ტანსაცმლის მწარმოებელ კომპანიებს მიწოდების ჯაჭვებში სათბურის გაზების ემისიებისა და ენერგიის მოხმარების შესამცირებლად მიზნების დასახვა მოუწევთ. მათ ასევე მოეთხოვებათ გაამჟღავნონ რამდენი და რა ტიპის მასალებს აწარმოებენ მათი მიმწოდებლები ყოველწლიურად. ასევე, გამოყენებული გადამუშავებული მასალების მოცულობა.
მოდის კომპანიებმა ასევე უნდა გაამჟღავნონ მათი მიმწოდებლების მიერ გადახდილი ხელფასები და როგორ შეესაბამება ეს ანაზღაურება ადგილობრივ მინიმალურ ხელფასს.
წყარო: Bloomberg, „ბიზნეს ფორმულა“