ნიუ-იორკის ფედერალური პროკურატურა აშშ-ის საბანკო ანგარიშზე 5,3 მლნ დოლარზე მეტი თანხის დაყადაღებას ცდილობს, რომელიც, უწყების ცნობით, სანქცირებულ რუს ბიზნესმენსა და ტელეარხ „ცარგრადის“ მფლობელს, კონსტანტინე მალოფეევს ეკუთვნის. ინფორმაციას CNN სასამართლო დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს.
თავად მალოფეევი რუსულ Forbes-სთან აცხადებს, რომ საუბარია ყოფილ ინვესტიციებზე ამერიკაში, რომელიც 2014 წელს გაიყინა, ახლა კი რაღაც უბრალო ტრანზაქცია განახორციელეს, რომ აჩვენონ, თუ როგორ ებრძვიან სანქცირებულ რუს ბიზნესმენებს.
მარტში აშშ-ის ხაზინის დეპარტამაენტმა გამოაცხადა, რომ ვაშინგტონი პრიორიტეტული წესით სანქცირების კონტროლს 50 რუსზე განახორციელებს, რომელთა შორის მალოფეევიც არის. აპრილში აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, მერიკ გარლენდმა მალოფეევი აშშ-ის სანქციების გვერდის ავლაში დაადანაშუალა. მაშინ მალოფეევმა განაცხადა, რომ 2014 წლიდან დასავლეთში აქტივები არ ჰქონია.
რუსი ბიზნესმენი აშშ-ის სანქციების სიაში 2014 წლიდან არის. აშშ-ის ხაზინის მაშინდელი განცხადებით, მალოფეევს შეზღუდვები „აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტული საქმიანობის დაფინანსებისა“ და ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკასთან კავშირების გამო დაუწესდა. მიმდინარე წლის აპრილში შეერთებულმა შტატებმა, ასევე, სანქციები კონსტანტინე მალოფეევის ვაჟს, კირილსა და იმ კომპანიებს დაუწესა, რომლებსაც ვაშინგტონი მალოფეევის პროექტებსა და მის შვილს უკავშირებს.