ქართველი ლეგენდარული მოჭადრაკის ნონა გაფრინდაშვილის საქმეზე მოსამართლე ვირჯინია ფილიპსმა Netflix-ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ არ დააკმაყოფილა. ამის შესახებ ინფორმაციას იურიდიული ფირმა BLB ავრცელებს.
'იურიდიული ფირმა BLB საქართველოს ულოცავს ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილის კიდევ ერთ გამარჯვებას კალიფორნიაში!
მოსამართლე ვირჯინია ფილიპსმა არ დააკმაყოფილა კინოინდუსტრიის მაგნატის, Netflix-ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ. მოსამართლემ არ გაიზიარა Netflix-ის არგუმენტაცია გამოხატვის თავისუფლებით დაცვასთან დაკავშირებით', - წერია BLB-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ნონა გაფრინდაშვილის სარჩელი Netflix-ის წინააღმდეგ სერიალ The Queen’s Gambit-ის კულმინაციურ ეპიზოდში მოჭადრაკის კარიერული მიღწევების შესახებ მიზანმიმართულად გაჟღერებულ მცდარ ცნობებს ეხება, სადაც ის რუსი ეროვნების ქალად არის მოხსენიებული, ასევე ერთ-ერთ ეპიზოდში კომენტატორი ამბობს, რომ გაფრინდაშვილი არასდროს შეხვედრია კაც მოთამაშეებს. გაფრინდაშვილი Netflix-ის სექსიზმში ადანაშაულებს. BLB-ში ნონა გაფრინდაშვილის საქმეს „ღირსების საქმეს“ უწოდებენ და აცხადებენ, რომ მოჭადრაკე Netflix-სგან მინიმალურ თანხას 5 მლნ დოლარს ითხოვს.