ნორვეგია რუსეთის საელჩოს 15 თანამშრომელს ქვეყნიდან აძევებს. – ამის შესახებ ინფორმაციას ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა 15 რუსი დიპლომატი, რომელთა საქმიანობა „შეუთავსებელი იყო მათ დიპლომატიურ სტატუსთან“.
ოსლოში განაცხადეს, რომ რუსმა დიპლომატებმა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ ნორვეგია.
ნორვეგიის საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ „აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია ევროპაში უსაფრთხოების კუთხით შეცვლილი სიტუაციისა და რუსეთის მხრიდან დაზვერვის გაზრდილი საფრთხის გათვალისწინებით“.
ოსლოში ამბობენ, რომ „ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ემსახურება ნორვეგიაში რუსეთის სადაზვერვო აქტივობისთვის წინააღმდეგობის გაწევას და ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას“
ამასთან, ნორვეგიის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ რუსეთთან ნორმალური დიპლომატიური ურთიერთობების შენარჩუნება სურთ, მაგრამ არ დაუშვებენ, რომ რუსეთის დიპლომატიური მისიები გამოყენებული იყოს ფარული სადაზვერვო აქტივობის წარმოებისთვის.
თავის მხრივ, რუსეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ „სათანადო საპასუხო ზომებს“ მიიღებენ.