ნორვეგიამ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და რუსული რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაცია ნორვეგიის მთავრობის ვებგვერდზე ვრცელდება.
რუსეთის წინააღმდეგ ნორვეგიის მიერ დაწესებული სანქციები იმეორებს ევროკავშირის სანქციების მე-10 პაკეტს, რომელიც 2023 წლის 25 თებერვალს დამტკიცდა.
ნორვეგიის მთავრობის ინფორმაციით, სანქციები, მათ შორის იმპორტის აკრძალვა და ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ფასის ზღვარი, ძლიერ დარტყმას აყენებს რუსეთის ეკონომიკას. მათივე განმარტებით, თებერვალში რუსეთის საგადასახადო შემოსავლები ნავთობის სექტორიდან, ომამდელ დონესთან შედარებით, 46%-ით შემცირდა.
სანქცირებულ სიას 84 ინდივიდუალური და 34 იურიდიული პირი დაემატა. ამასთან, სანქციების პაკეტის ფარგლებში რუსეთის მოქალაქეებს ეკრძალებათ ნორვეგიის სამთავრობო ინსტიტუტებში თანამდებობების დაკავება.