ნორვეგიის სუვერენული ფონდი (სახელმწიფო საპენსიო ფონდი) უკრაინის სასარგებლოდ რუსულ აქტივებს 3 მლრდ დოლარად ყიდის. ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს.
როგორც ნორვეგიის მთავრობის განცხადებიდან ირკვევა, ქვეყნის ცენტრალური ბანკის განყოფილებამ, რომელიც პასუხისმგებელია სახელმწიფო ფონდის მართვაზე - Norges Bank Investment Management (NBIM) - დაუყოვნებლივ უნდა გაყინოს ყველა ახალი ინვესტიცია რუსეთის ფედერაციაში და დაიწყოს არსებული აქტივების გაყიდვა.
„რუსეთის უკრაინაზე თავდასხმამ საფრთხე შეუქმნა უსაფრთხოებას ევროპაში, ისეთი, როგორც ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ გვინახავს. ის ეჭვქვეშ აყენებს ჩვენს ღირებულებებს, ნორმებსა და პრინციპებს, რომლებზეც დემოკრატიული საზოგადოებებია დაფუძნებული", - განაცხადა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გაჰრ შტორემ.
ნორვეგიის სუვერენული ფონდის 2020 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით (2021 წლის ჯერ არ გამოქვეყნებულა), მას ჰქონდა წილი თითქმის 50 რუსულ კომპანიაში, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 2,5 მილიარდი დოლარი იყო. მათ შორის იყო ბანკი „სანკტ-პეტერბურგი“, „გაზპრომი“, „სბერბანკი“, „ლუკოილი“, TCS Group, X5 Retail Group და სხვა. მთლიანობაში, ფონდის მართვის ქვეშ მყოფი რუსული აქტივების წილი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდი სუვერენული სიმდიდრის ფონდია, მთელი აქტივების 0,2%-ს შეადგენს.
bpn.ge