კომპანიები, რომლებსაც ქვეყანაში საგანგებო რეჟიმისა და კომენდანტის საათის გამოცხადების მიუხედავად მუშაობა არ შეუწყვეტიათ, თანამშრომლების ტრანსპორტირებას საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფენ.
სუპერმარკეტების ქსელი „უნივერსამის“ წარმომადგენელი დავით ფარესაშვილი, „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ მათი თანამშრომლების ტრანსპორტირებას კომპანია საკუთარ თავზე იღებს.
„ჩვენი ქსელი 8 საათზე ასრულებს მუშაობას, რომ თანამშრომლებმა მოასწრონ მომზადება და 9 საათამდე სახლში მისვლა. რაც შეეხება მათ ტრანსპორტირებას, ამას კომპანია უზრუნველყოფს. ნაწილს ხელფასზე დანამატის სახით აქვთ ტაქსის ფული, ნაწილის ტრანსპორტირებას ადგილზე ვუზრუნველყოფთ.“-ამბობს დავით ფარესაშვილი.
საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს თანამშრომლების გადაადგილებას „კარფური“, „ნიკორა“ და მაღაზიათა ქსელი „ზღაპარი.“
„ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხო გადაადგილებას რა თქმა უნდა კომპანია უზრუნველყოფს. მათი ტრანსპორტირეის ხარჯებს სრულიად ვიღებთ საკუთარ თავზე.“-აცხადებენ ჰიპერმარკეტების წარმომადგენლები.
ანალოგიური მდგომარეობაა სააფთიაქო ქსელ „ავერსშიც“. აფთიაქი ერთ-ერთია იმ დაწესებულებებიდან, რომელიც საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად მუშაობას განაგრძნობს და 24 საათის განმავლობაში მოსახლეობას ემსახურება.
„სააფთიაქო ქსელები ზუსტად იმ დროით მუშაობენ, როგორც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე იყო. ერთი გამონაკლისია, რომ მაღალი რისკის ქვეშ მყოფი და ორსული თანამშრომლები დროებით წყვეტენ მუშაობას მათივე უსაფრთხოების გამო. დანარჩენი სია გვაქვს და მათი გადაადგილების ხარჯებს კომპანია საკუთარ თავზე იღებს.“-ამბობს ნუკა შარვაშიძე.
შეგახსენებთ, რომ 31 მარტიდან საქართველოში საკარანტინო ზომების გამკაცრდა და კომენდატის საათი გამოცხადდა. მოქალაქეებს ღამის 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე გადაადგილება ეკრძალებათ.
ნათია ლომიძე