დღეს დილით, ოდესის პორტს დატოვებს გემი, რომელიც ომის დაწყებიდან პირველად, უკრაინიდან მარცვლეულს საზღვაო გზით გაიტანს.
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სიერა-ლეონეს დროშით მცურავი გემი Razoni ოდესის პორტს დატოვებს უკრაინის დროით 08:30 საათზე და ლიბანისკენ გაემგზავრება.
უკრაინამ და რუსეთმა თურქეთის და გაეროს შუამავლობით, 22 ივლისს, სტამბოლში მიაღწიეს შეთანხმებას შავი ზღვით, უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის განახლების შესახებ. გემებს და მათ უსაფრთხო ნაოსნობას სტამბოლიდან გააკონტროლებს საგანგებოდ შექმნილი საკოორდინაციო ცენტრი.
უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთმა შავ ზღვაში დაბლოკა ოდესის, ნიკოლაევის და სხვა პორტები, აზოვის ზღვის პორტებს კი, თავად აკონტროლებს. უკრაინიდან ვეღარ ხერხდებოდა საზღვაო გზით ხორბლის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციის ექსპორტი, რაც განსაკუთრებით აზარალებს მსოფლიოს ღარიბ ქვეყნებს.
წყარო: https://www.radiotavisupleba.ge/