შავ ზღვაში, ოდესიდან გასვლის რიგს ელოდება უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაბლოკილი 16 გემი.
ადმინისტრაციის განცხადებით, საერთო ჯამში, უკრაინის პორტებში იმყოფება 68 გემი 1.2 მილიონი ტონა ტვირთით, რომელსაც მთელ მსოფლიოში ელოდებიან. საზღვაო პორტების ადმინისტრაციის მონაცემებით, მხოლოდ ოდესის, იუჟნის და ჩერნომორსკის აკვატორიაში გაჩერებულ გემებზე 480 ათასი ტონა ხორბალი, სიმინდი და ზეთია, პორტების ტერმინალებში კი, მილიონი ტონა ხორბალი ინახება.
1 აგვისტოს, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პირველად, ოდესის პორტიდან გაემგზავრა მარცვლეულით დატვირთული გემი. სიერა-ლეონეს დროშით მცურავმა გემმა RAZONI 26 ათასი ტონა უკრაინული სიმინდი ლიბანში უნდა ჩაიტანოს. საექსპორტო დერეფნის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ თურქეთი და გაერო.
თურქეთის თავდაცვის მინისტრ ჰულუსი აკარის ინფორმაციით, ოდესიდან გასული გემი, დღეს, 2 აგვისტოს თურქეთის დროით 15:00 საათისთვის ჩავა სტამბოლში, სადაც შემოწმდება და ამის შემდეგ გზას გააგრძელებს.
უკრაინამ და რუსეთმა თურქეთის და გაეროს შუამავლობით, 22 ივლისს, სტამბოლში მიაღწიეს შეთანხმებას შავი ზღვით, უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის განახლების შესახებ. გემებს და მათ უსაფრთხო ნაოსნობას სტამბოლიდან აკონტროლებს საგანგებოდ შექმნილი საკოორდინაციო ცენტრი. უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთმა შავი ზღვის პორტები დაბლოკა, აზოვის ზღვის პორტებს კი, თავად აკონტროლებს. უკრაინიდან ვეღარ ხერხდებოდა საზღვაო გზით ხორბლის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციის ექსპორტი, რაც განსაკუთრებით მძიმედ აისახება მსოფლიოს ღარიბ ქვეყნებზე.
წყარო: https://www.radiotavisupleba.ge/