ამერიკული კომპანია Bunge Ltd, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი სოფლის მეურნეობის მოვაჭრეა, რუსეთში ზეთის გადამამუშავებელ ბიზნესს ყიდის.
Bunge-ს ზეთის მწარმოებელი ქარხანა - Бунге СНГ ვორონეჟში ექსპლუატაციაში 2008 წლიდან აქვს, სადაც ინვესტიციებმა 130 მლნ დოლარს გადააჭარბა, საწარმოს სიმძლავრე 540 ათასი ტონა ნედლეულის გადამუშავებაზე და წელიწადში 200 მლნ ბოთლზე მეტ მზესუმზირას ზეთის წარმოებაზეა გათვლილი. Бунге СНГ-ს პორტფელი მოიცავს სავაჭრო ნიშნებს Олейна, Ideal, Масленица და სხვა.
ამერიკული კომპანიის რუსული ბაზრიდან გასვლის შესახებ ინფორმაცია Bunge-ის შვილობილი კომპანიის ვებგვერდზე ვრცელდება. განცხადებაში ნათქვამია, რომ 2023 წლის 3 თებერვლიდან Бунге СНГ მცენარეული ზეთების წარმოებასა და გაყიდვას რუსეთში ახალი მფლობელის კონტროლის ქვეშ გააგრძელებს და კომპანიის სახელწოდება უახლოეს მომავალში შეიცვლება.
ინტერფაქსის ინფორმაციით, გარიგება ExOil Group-ის აქციონერ კარენ ვანეციანთან გაფორმდა. ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში, Bunge-მ გამოაცხადა, რომ იგი მასთან ზეთის გადამამუშავებელი ბიზნესის გაყიდვაზე შეთანხმდა.
Bunge, ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა კვების გლობალურ ბაზარზე. ის რუსეთში 2004 წლიდან ოპერირებს. 2021 წელს, Bunge CIS-მა შემოსავალი, 2020 წლის 19,1 მილიარდი რუბლიდან, თითქმის 1,6-ჯერ, 30 მლრდ რუბლამდე გაზარდა.