გავრცელების სიმარტივით ომიკრონი წითელას გავს და კორონავირუსის ეს შტამი, შესაძლოა, დაინფიცირებული ადამიანიდან 5-7 მეტრის მანძილზე მყოფ ადამიანს გადაედოს იმ შემთხვევაში, თუ მათ პირბადე არ უკეთიათ ან წესების დარღვევით მოიხმარენ. მის შესახებ jandacva.ge-ს ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ განუცხადა. მისი განმარტებით, გავრცელების სწორედ ასეთი უნარით გამოირჩევა წითელა, თუმცა წითელას აფეთქებას ხელი ვაქცინაციამ შეუშალა.
ბოლო პერიოდში, რაც ქვეყანაში ომიკრონის შტამი ცირკულირებს, არაერთი ადამიანისთვის გაუგებარია, როგორ დაინფიცირდა, როცა სრულადაა ვაქცინირებული და უსაფრთხოების წესებსაც (პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა, ხალხმრავალ ადგილებში სიარულისგან თავის არიდება) ზედმიწევნით იცავდა.
ალექსანდრე გოგინავა ამბობს, რომ ომიკრონის შემთხვევაში დაინფიცირების რისკები გაზრდილია არა მხოლოდ ამ შტამის მაღალი გადამდებლობის, არამედ იმის გამოც, რომ საზოგადოებრივ სივრცეებში, მათ შორის მაღაზიებში, მოქალაქეები დისტანციას აღარ იცავენ, შიდა სივრცეებში ხდება დასაშვებზე მეტი ადამიანის თავმოყრა. გარდა ამისა, ინფექციონისტის თქმით, ადამიანები პირბადეს წესების დაცვით აღარ ატარებენ – ექიმის რეკომენდაციაა, სამედიცინო პირბადე ყოველ საათში, მაქსიმუმ კი 2-3-საათიანი მოხმარების შემდეგ გამოვცვალოთ, რადგან ხანგრძლივი ხმარების შემხვევაში ის კარგავს დამცველობით უნარს.
წყარო: jandacva.ge