კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტის გავრცელების შეკავების მიზნით, ნორვეგია შეზღუდვებს კიდევ უფრო გაამკაცრებს და ვაქცინაციის კამპანიას დააჩქარებს. ამის შესახებ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, იონას გარ სტიორემ განაცხადა.
ნორვეგიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ბარებსა და რესტორნებში ალკოჰოლის გაყიდვა იკრძალება, სპორტული დარბაზები და საცურაო აუზები იხურება, ხოლო სკოლებში წესები მკაცრდება.
„ეჭვგარეშეა, რომ ახალი ვარიანტი წესებს ცვლის. ამიტომ სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ“, - აღნიშნა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა.
ნორვეგიის მთავრობის განცხადებით, გამაძლიერებელი დოზებით ვაქცინაციის დასაჩქარებლად, შეიარაღებული ძალები და აფთიაქები ვაქცინაციის კამპანიაში ჩაერთვებიან.
ბოლო პერიოდში, ნორვეგიაში, კორონავირუსით ინფიცირებისა და ჰოსპიტალიზაციის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებლები ფიქსირდება, რაც ნაწილობრივ „ომიკრონი“ ვარიანტის გავრცელებას უკავშირდება.
imedinews.ge