კოვიდშემთხვევების დღიური მაჩვენებელი იანვრის ბოლოდან მარტის პირველ რიცხვებამდე 3.3 მლნ-დან 1.4 მლნ-მდე შემცირდა, დღეს კი 1.7 მლნ-ს აჭარბებს. მატება თითქმის ყველა რეგიონში, მათ შორის ევროპის ქვეყნების უმეტესობაში შეინიშნება, რაც ძირითადად ომიკრონის ახალ BA.2 ქვეშტამსა და რეგულაციების თითქმის სრულ გაუქმებას უკავშირდება. შემცირებულია ბუსტერ დოზით ვაქცინის მსურველთა რაოდენობაც.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად ჩვენს Telegram-ზე.
ჯანმოში აცხადებენ, რომ ახალი ქვეშტამის გავრცელებას ხელი პირბადეების მასობრივად მოხსნამ და სოციალური დისტანციის უგულებელყოფამ შეუწყო. პოლონეთი 28 მარტიდან პირბადეებს შიდა სივრცეებშიც აუქმებს, გერმანიამ კოვიდპასპორტები გააუქმა, იტალია კი ორწლიან საგანგებო მდგომარეობას ასრულებს. მკაცრ ზომებს ავსტრია ინარჩუნებს. ახალი შტამი ჯერ ბოლომდე გამოკვლეული არ არის, თუმცა წინასწარი მონაცემებით ის დაახლოებით 30%-ით უფრო გადამდებია.
ინფიცირების შემთხვევათა ყველაზე დიდი ნახტომი სამხრეთ კორეაში აღინიშნება, სადაც 1-ლი თებერვლიდან 25 მარტამდე ინფიცირებულთა რაოდენობა 13-ჯერ, 864 ათასიდან 11.2 მლნ-მდე გაიზარდა.
სიკვდილიანობის კლების მიუხედავად 22 მარტს, შეერთებულ შტატებში კოვიდით გარდაცვლილთა რაოდენობამ 1 მლნ-ს გადააჭარბა.
ახალი კორონავირუსი ჯანმომ პანდემიად 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. 2 წელიწადში ვირუსით თითქმის ნახევარი მლრდ ადამიანი ინფიცირდა და მათგან 6 მლნ-ზე მეტი გარდაიცვალა.
2020 წელს მასობრივი ლოქდაუნების გამო მსოფლიო ეკონომიკა 3.3%-ით შემცირდა, რაც 2019 წელს დაფიქსირებულ 2.6%-იან ზრდასთან შედარებით 5.9%-ით ნაკლებია.