გაეროს ადამიანთა უფლებების ოფისის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან უკრაინაში 1 119 მშვიდობიანი უკრაინელი დაიღუპა, 1 790 კი დაშავდა. დაღუპულთა შორის 99 ბავშვია.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ დაღუპულთა და დაშავებულთა რეალური რაოდენობა სავარაუდოდ გაცილებით დიდია, გამომდინარე იქიდან, რომ ზოგიერთი რეგიონიდან ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას. მოსკოვი საჯარო განცხადებებში უარყოფს სამოქალაქო ობიექტების მიზანში ამოღებას. გაეროს მონაცემებით, უკრაინა უკვე დატოვა 3.6 მილიონმა ადამიანმა.
უკრაინა რუსეთის ტერორისტ ქვეყნად გამოცხადებას ითხოვს და ჰააგის სასამართლოში ჩივის. სასამართლო პროცესი შედგა, თუმცა პროცესზე არ გამოცხადდა რუსეთის წარმოემადგენელი, რადგან, როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, მარია ზახაროვა, ამბობს, სასამართლოს ამ საკითხზე მსჯელობის ლეგიტიმაცია არ აქვს.
როგორც უკრაინის სახალხო დამცველი აცხდებს, სრული სიზუსტით გროვდება რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულის ყველა ფაქტი და უკრაინა მას სამხედრო ტრიბუნალამდე მიიტანს.
ჰააგაში გაეროს საერთაშორისო სასამართლოს უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით, რუსეთმა დაუყონებლივ უნდა შეაჩეროს სამხედრო ოპერაციები, თუმცა სასამართლო დადგენილებას რუსეთი ამ დრომდე არ ასრულებს.
რუსეთს უკრაინაში შეჭრის და იქ საომარი მოქმდებების გამო სანქციები დაუწესა ლამის მთელმა მსოფლუიომ, უიშვიათესი გამონაკლისის გარდა.