რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი გუშინ რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს ტელეგრამზე გამოეხმაურა. მისი თქმით, სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებიდან რუსეთის გასვლა დაგვიანებული ნაბიჯია და ამის აუცილებლობაზე ის ჯერ კიდევ შარშან საუბრობდა, ახლა კი ამ გადაწყვეტილებას ბიძგი აშშ-სა და ნატოს სხვა ქვეყნების მხრიდან რუსეთისთვის გამოცხადებულმა ომმა მისცა.
„ყველა გონივრული ძალისთვის აშკარაა, რომ თუ აშშ-ს სურს რუსეთის დამარცხება, მაშინ ჩვენ მსოფლიო კონფლიქტის ზღვარზე ვართ. თუ აშშ-ს სურს რუსეთის დამარცხება, მაშინ ჩვენ გვაქვს უფლება დავიცვათ თავი ნებისმიერი იარაღით, მათ შორის ბირთვული იარაღით. და როგორც მართებულად თქვა ვლადიმირ პუტინმა: „რუსეთის დამარცხება ბრძოლის ველზე შეუძლებელია“. სწორედ ამით არის დაკავშირებული START-3-ის შეჩერება. დაე, შეერთებულ შტატებში მყოფმა ელიტებმა იფიქრონ იმაზე, თუ რას მიაღწიეს. ჩვენ ასევე დავაკვირდებით სხვა ბირთვული ძალების - ნატოს წევრების: საფრანგეთისა და ბრიტანეთის რეაქციას. მათი სტრატეგიული ბირთვული ძალები, როგორც წესი, არ შედიოდნენ ბირთვული ქობინებისა და მატარებლების ბალანსში აშშ-სა და სსრკ-ს შორის შეთანხმებების მომზადებისას, მაგრამ დროა ეს გაკეთდეს,“- წერს მედვედევი.
მედვედევი აშშ-ის პრეზიდენტს შეურაცხმყოფელი ტერმინებით მოიხსენიებს და აცხადებს, რომ ასაკის გამო მას დასუსტებული ინტელექტუალური შესაძლებლობები აქვს.
„ცნობილი გამოთქმის პერიფრაზირებისას ბაიდენმა ვარშავაში თქვა: „თუ რუსეთი შეაჩერებს შეჭრას, ომი ახლავე დასრულდება. თუ უკრაინელები შეწყვეტენ თავის დაცვას, ეს იქნება უკრაინის დასასრული.“ ეს არის დახვეწილი ტყუილი. სიმართლე სულ სხვაა.
თუ რუსეთი გააჩერებს სპეციალურ სამხედრო ოპერაციას გამარჯვების მიღწევის გარეშე, რუსეთი არ იარსებებს, ის ნაწილებად დაიშლება. თუ აშშ შეწყვეტს იარაღის მიწოდებას კიევის რეჟიმისთვის, ომი დასრულდება,“- აცხადებს მედვედევი.