OPEC+ რუსეთის ნავთობმოპოვების შემცირებას აანაზღაურებს. ამის შესახებ Reuters-ს OPEC+-ის ორმა წყარომ განუცხადა.
სააგენტოს მონაცემებით, რუსეთის წარმოება, დასავლეთის სანქციების შედეგად, დღეში, დაახლოებით, მილიონი ბარელით შემცირდა.
OPEC+-ის ერთ-ერთი წყარო, რომელიც რუსეთის პოზიციას იცნობს, აცხადებს, რომ მოსკოვი თავისი დაბალი წარმოების სხვა მწარმოებლებისგან კომპენსირებას შესაძლოა, დათანხმდეს.
OPEC+-ის ჯგუფი ონლაინ შეხვედრას დღეს საღამოს გამართავს. Reuters მოელის, რომ გლობალური ბაზრის მკაცრი პირობების მიუხედავად, OPEC+ ნავთობმოპოვების ყოველთვიური ზომიერი ზრდის ტრადიციას დაიცავს. თუმცა სააგენტო წერს, რომ სხვადასხვა შეფასებით, სანქციებმა საბოლოოდ რუსეთში წარმოება და ექსპორტი შესაძლოა, დღეში 2-3 მილიონი ბარელით შეამციროს.
OPEC+-ის დღიურ სამიზნე მაჩვენებელს, ანუ 10,44 მილიონ ბარელს რუსეთი ჯერ კიდევ აპრილში ჩამორჩებოდა და ყოველდღიურად, დაახლოებით, 9,3 მილიონ ბარელ ნავთობს აწარმოებდა.