„ოპეკ პლუსის“ ქვეყნებმა ნავთობის მოპოვების შემცირების შესახებ განაცხადეს, რაც, სავარაუდოდ, ნავთობის ფასების გაზრდას გამოიწვევს. - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. მათივე ცნობით ნავთობის მომპოვებელი ქვეყნების გადაწყვეტილებით, ნავთობის მოპოვება დღიურად 1 მილიონ ბარელზე მეტით შემცირდება.
საუდის არაბეთის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანა მაისიდან წლის ბოლომდე ნავთობის მოპოვებას დღიურად 500 000 ბარელით შეამცირებს. საუდის არაბეთის ენერგეტიკის სამინისტრომ განმარტა, რომ გადაწყვეტილება, „ოპეკის“ სხვა მწარმოებლებთან კოორდინაციით, წარმოადგენს პრევენციულ ზომას, რომელიც მიზნად ისახავს ნავთობის გლობალური ბაზრის სტაბილურობის მხარდაჭერას.
გეგმის მიხედვით, ერაყი ნებაყოფლობით შეამცირებს ნავთობის მოპოვებას მაისიდან მიმდინარე წლის ბოლომდე 211 000 ბარელით დღეში, არაბთა გაერთიანებული საამიროები – 144 000 ბარელით, ქუვეითი – 128 000 ბარელით, ყაზახეთი – 78 000 ბარელით, ალჟირი – 48 000 ბარელით და ომანი – 40 000 ბარელით.
რუსეთმა გაახანგრძლივა ნავთობის მოპოვების ნებაყოფლობითი შემცირება 500 000 ბარელით დღეში 2023 წლის ბოლომდე, რაც მანამდე ივნისის ბოლომდე უნდა ყოფილიყო. „ოპეკ პლუსის“ ქვეყნების განცხადების შემდეგ ბარელი ნავთობის ფასი 10 დოლარით გაძვირდა და 80 დოლარი გახდა.