ოქტომბერში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პირველი თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სავაჭრო ცენტრი „ზუგდიდი მოლი“ გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას Cushman & Wakefield Georgia ავრცელებს.
„ზუგდიდი მოლში“ წარმოდგენილნი იქნებიან ჰიპერმარკეტები, ქსელური მაღაზიები, საერთაშორისო და ადგილობრივი ტანსაცმლის და ფეხსაცმლის ბრენდები.
ზუგდიდი მოლში, რომლის საერთო ფართი 15 000 კვადრატულ მეტრს მოიცავს, დეველოპერული კომპანია „ბლოქსი“ 26 მლნ ლარის მოცულობის ინვესტიციას ახორციელებს. სავაჭრო ცენტრის კონცეფციაზე Cushman & Wakefield-მა და კომპანია „ბლოქსიმ“ ერთობლივად იმუშავეს. ამასთან, Cushman & Wakefield სავაჭრო ცენტრების ფართების გაქირავების კამპანიას ექსკლუზიურად ხელმძღვანელობს და „ზუგდიდი მოლის” მშენებლობის ზედამხედველობას უზრუნველყოფს.
Cushman & Wakefield-ის ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრი ზუგდიდის ცენტრალურ უბანში, კოსტავას ქუჩაზე მდებარეობს. ერთსართულიანი შენობის შუა გულში 850 კვ.მ. რეკრეაციული ზონაა მოწყობილი. როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეებში წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა კვების ობიექტები, ცენტრის გარე პერიმეტრზე კი 150 მანქანაზე გათვლილი საპარკინგე სივრცე მოეწყობა.