სპეციალისტები საქართველოში ორგანული ფერმერული ტურიზმის განვითარების შესაძლებლობებს განიხილავენ. ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნოე ხოზრევანიძე ამბობს, რომ ამ მხრივ განსაკუთრებით დიდია მთის რეგიონის შესაძლებლობები, რომლის უდიდესი რესურსი აუთვისებელია.
„საქართველოში 3000-ზე მეტი სასოფლო დასახლებაა, აქედან 1710 მთის კანონის მეშვეობით უკვე სტატუსირებულია, როგორც მთის სოფელი. მის განვითარებაზე ზრუნვა, ორგანული ფერმერული სისტემების შეტანა სასიცოცხლოდ არის მნიშვნელოვანი, რაც ტურიზმის სფეროსაც სასიკეთოდ დაეტყობა. ამის საუკეთესო მაგალითია ავსტრია, რომელიც ყველაზე დაწინაურებული ევროპული ქვეყანაა და მთაში მოსახლეობის პროცენტის მიხედვით პირველია მსოფლიოში. მოსახლეობის 47% ცხოვრობს ავსტრიის მთაში, სადაც 52 ათასი ფერმერიდან 25 ათასი რეგისტრირებულია, როგორც ორგანული პროდუქტების მწარმოებელი. სახელმწიფომ სუბსიდია მოახდინა და ორგანული ფერმერული ტურიზმი მაღალ დონეზე განავითარა. საბოლოოდ, ასეთი ძალისხმევის შედეგად, ავსტრიაში 20%-ით გაიზარდა დემოგრაფია. ამ გამოცდილების გადმოტანა გვინდა როგორც საგანმანათლებლო, ასევე მთების მდგრადი განვითარების კონკრეტული პროგრამების შემუშავებაში, რითაც სერიოზულ კვალს დავამჩნევთ მთის განვითარებას“, - აცხადებს ნოე ხოზრევანიძე.
მეცნიერი ითხოვს, გაკეთდეს ორგანული ბუფერული ტერიტორიები, მაგალითად, როგორიცაა ორგანული გუდამაყარი, ხევსურეთი, ფშავი, ზემო რაჭა და ზემო სვანეთი.
„ჩვენი ტყის მასივების 80% მთის და მაღალმთიან ტერიტორიებზეა განლაგებული, რაც იძლევა ადგილზე წარმოების განვითარების და გადამუშავების შესაძლებლობას. მარტო თაფლის წარმოებაში 45 დასახელების მცენარე მონაწილეობს, ეს არის უდიდესი რესურსი და ამის გამოუყენებლობა არაფრით გვეპატიება. ეს არის გაჩერებული, აუთვისებელი რესურსი, რომელიც ეკონომიკურ პროცესში არ არის ჩართული. გამოდის, რომ ამ სფეროს 85% რეალურად გაჩერებულია და შემოსავალს არ იძლევა მშპ-ში. ავსტრიაზე ვსაუბრობთ, მაგრამ საქართველოს ბიომრავალფეროვნება თავის რესურსით და შეასძლებლობებით ათასჯერ მეტია, რასაც ვერ ვიყენებთ. დიდი რესურსი გვაქვს ასევე, რომ განვავითაროთ ფარმაკოლოგიური ფერმერული მიმართულება. მთა მდიდარია სამკურნალო, საღებავი, სანელებელი მცენარეებით და სხვა, რაზეც ჩვენს მიერ ცალკე მიდის მუშაობა, რათა ავაღორძინოთ ის ბუნებრივი ფერები, რომლებიც ჩვენს მდელოებზე უპატრონოდ მიტევებულია და სულ რამდენიმე ადამიანი სარგებლობს. ამისთვის უნდა შევქმნათ ეკონომიკური ინტერესის ფონი ალტერნატივებითაც, ტრადიციული და თანამედროვე მეთოდოლოგიის ჩართულობით“, - აცხადებს ნოე ხოზრევანიძე „კომერსანტთან“ საუბარში.
ცნობისთვის, ამჟამად საქართველოში მაღალმთიანი სტატუსი მინიჭებული აქვს 1797 დასახლებას, რაც საქართველოს მთლიანი დასახლებების დაახლოებით 48%-ია. ივნისის მდგომარეობით, მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრების სტატუსით სარგებლობს 260 266 ადამიანი, ხოლო შესაბამისი შეღავათებით - 472 საწარმო. 2016–2021 წლებში სოციალური მხარდაჭერის კუთხით, მაღალმთიანი დასახლებებში მცხოვრებთათვის სახელმწიფომ 320 მლნ ლარზე მეტი მიმართა.
მარი ჩიტაია