საქართველოს საბანკო სექტორში არსებული გამოწვევები, ქართული და თურქული ფინანსური სფეროს შედარება და ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯები. ამ და სხვა თემებზე Commersant-თან „იშ ბანკი საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა ოზან გურმა ისაუბრა.
რა არის დღეს მთავარი გამოწვევები, რომლებიც საქართველოში საბანკო სექტორის წინაშე დგას და როგორ აპირებს „იშ ბანკი საქართველო“ გამოწვევებთან გამკლავებას?
მე ვფიქრობ, რომ საქართველოს საბანკო სექტორს აქვს ისეთი გამოწვევები, როგორიცაა დოლარიზაცია, უნდა აღინიშნოს ლარში დაფინანსების ნაკლებობა და საოჯახო დანაზოგები. მიუხედავად იმისა, რომ იშ ბანკი საქართველო შედარებით ახალი მოთამაშეა ქართულ ბაზარზე, (ჩვენ აქ ვოპერირებთ 2015 წლიდან), ის მთლიანად Türkiye İş Bankası-ის შვილობილი კომპანიაა, რომელიც ყველაზე დიდი კერძო ბანკია თურქეთში და მას სექტორში 100 წლიანი გამოცდილება აქვს. ეს მნიშვნელოვან როლს ასრულებს და საშუალებას გვაძლევს თანამედროვე გამოწვევებს შედარებით მოქნილად და უსაფრთხოდ შევხვდეთ.
საბანკო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული სექტორია საქართველოში, თუმცა საინტერესოა თქვენი, როგორც თურქეთის უმსხვილესი კერძო საბანკო ჯგუფის შვილობილი ორგანიზაციის შეფასება, თუ არსებობს ამ სექტორში რაიმე სახის სისტემური პრობლემა?
საქართველოს ფინანსური სექტორი პრაქტიკულად სრულად ბანკებზეა დამოკიდებული. გასათვალისწინებელია, რომ დღეს ქვეყნის ბაზრის დიდი ნაწილი კონცენტრირებულია ორ მოწინავე ბანკში, შეგვიძლია ვთქვათ რომ ოლიგოპოლია დომინირებს, რომელიც ხელს უშლის ჯანსაღი და კონკურენტული გარემოს შექმნას.
ადგილობრივი ბირჟისა და ზოგადად, კაპიტალის ბაზრის განვითარების პირობებში გაიზრდება თუ არა კონკურენცია საბანკო სექტორში? ფულის მოზიდვის ალტერნატიული მექანიზმის გაჩენა შეიძლება თუ არა საბანკო სექტორისთვის ერთგვარ გამოწვევად იქცეს?
სინამდვილეში ასეთი ალტერნატიული მექანიზმები, უპირველეს ყოვლისა, ხელს უწყობს ქართულ ინდუსტრიასა და კომპანიებს. ამგვარად, კომპანიებს საშუალება გაუჩნდებათ მოიძიონ დაფინანსების ალტერნატიული გზები. უფრო მეტიც, ეს მათ დაეხმარება გაცილებით ზუსტი აღრიცხვიანობის სისტემების გაჩენასა თუ მათ დახვეწაში. რაც შეეხება საქართველოს საბანკო ინდუსტრიას, ბანკებს დამატებით შეუძლიათ შექმნან თავიანთი საინვესტიო კომპანიები და გახდნენ ბაზრის მოთამაშეები ისეთი სახის მომსახურებით, როგორიცაა ყიდვა-გაყიდვა. ამით მათ საშუალება მიეცემათ დამატებით დააგენერირონ შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებულია თავიანთი კლიენტებისთვის განხორციელებულ ამ ტიპის ტრანზაქციებთან.
რამდენად არის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა საქართველოში?
საქართველო ინვესტიციების მხრივ სწრაფად განვითარებადი ქვეყანაა, ხოლო ჯამური დანაზოგები/დეპოზიტები არ არის საკმარისი საბანკო სექტორის მხარდასაჭერად. ამ დეფიციტის დასაკომპენსირებლად ბანკებს უწევთ უცხოური სახსრების დამატებით მოძიება. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობა რისკების შემცველია, ინვესტიციების მოზიდვა რთულია. საბედნიეროდ, Isbank Turkey ყოველთვის კარგი მხარდამჭერია ჩვენთვის აღნიშნულ საკითხში.
არსებობს თუ არა რაიმე განსაკუთრებული მიდგომა, რომლითაც covid 19-ის პირობებში უმკლავდებით კრიზისებს?
კოვიდ -19 უარყოფითად აისახა ქვეყნის პრაქტიკულად ყველა სექტორზე, დააზარალა როგორც იურიდიული პირები, ასევე საცალო მსესხებლებიც. ზოგიერთ მათგანზე ნაკლებად იმოქმედა, ზოგზე- უფრო მძიმედ. ამის გამო, ბანკი შეეცადა, გამოეყენებინა თითოეულ კლიენტზე ინდივიდუალურად მორგებული მიდგომა: შეისწავლა მომხმარებლის კონკრეტული პრობლემები და საჭიროებები მიმდინარე რთულად საარსებო გარემოში. ეს მოიცავს სესხების დაფარვის ვადის გაგრძელებას, სესხის გადახდაზე საშეღავათო პერიოდის გავრცელებას ან სესხის გადახდის გრაფიკის ცვლილებას. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის დადგენა მომხმარებლის შემოსავლების შესაბამისად მოხდა. მიგვაჩნია, რომ შექმნილი სირთულეების დასაძლევად, ასეთი მორგებული მიდგომა ყველაზე ეფექტური გამოსავალი იყო ამგვარ სიტუაციაში.
რა არსებითი განსხვავებაა ქართულ და თურქულ საბანკო სექტორებს შორის?
ჩვენს ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი განსხვავება ის არის, რომ, როგორც ადრე აღვნიშნე, საქართველოში, სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ ბაზარზე ოლიგოპოლიის არსებობას. ეს ასე არ არის თურქეთში, რადგან იქ ბანკები დიდი კონკურენციის პირობებში მუშაობენ, მათ აქვთ ძლიერი ბალანსი და ბევრად უფრო დიდი კაპიტალი. მინდა აღვნიშნო, რომ თურქეთში ბანკები ექვემდებარებიან ბანკების შესახებ კანონს და სხვა დებულებებს ბანკების შესახებ. უფრო მეტიც, თურქეთში ფუნქციონირებს ცალკეული დაწესებულება - საბანკო რეგულირებისა და ზედამხედველობის ორგანო (BRSA), რომელიც ზედამხედველობს ბანკებს და იცავს მეანაბრეთა უფლებებს.
თქვენი მომხმარებელი ძირითადად თურქული ბიზნესის წარმომადგენლები არიან, როგორ შეიცვალა მათი ბიზნეს საქმიანობა პანდემიის პირობებში?
სინამდვილეში ეს არასწორი აღქმაა, რომ, ვინაიდან ჩვენ ვართ ყველაზე დიდი თურქული კერძო ბანკის შვილობილი კომპანია, ჩვენ მომხმარებელთა ბაზა მხოლოდ თურქი კლიენტებისგან შედგება. პირიქით, ჩვენი ბიზნეს სესხების პრაქტიკულად 100% შედგება საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირებისაგან. აქედან დაახლოებით 30% არის თურქეთის მოქალაქეთა მიერ დაფუძნებული ქართული კომპანიები ან თურქული ჰოლდინგის შვილობილი კომპანიები, რომლებიც მოღვაწეობენ მშენებლობაში, მომსახურების ინდუსტრიაში, ტექსტილისა და წარმოების სფეროში. ისევე, როგორც სხვა ბანკების მომხმარებლები, ჩვენს შემთხვევაშიც ყველაზე მეტად დაზარალებული ბიზნესი არის სასტუმრო ბიზნესი, კომერციული უძრავი ქონება და მშენებლობა. ამ ბიზნესებმა განიცადეს მკვეთრი ზარალი სხვა სექტორების წარმომადგენელ კომპანიებთან შედარებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბოლოდროინდელი რეალობისა და პროგნოზირებადი მომავლის გათვალისწინებით, ბანკსა და მომხმარებლებს შორის მოხდა ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღება სესხის დაფარვის გრაფიკის სტრუქტურირებასთან დაკავშირებით.
თქვენი ბანკის იპოთეკური სესხის საშუალებით რამდენად ხშირად ყიდულობენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში უძრავ ქონებას?
მეტწილად, ჩვენი იპოთეკური პროექტის ფარგლებში უძრავ ქონებას თურქეთის მოქალაქეები იძენენ, რომლებიც არიან ექსპატრიატები ან აკეთებენ ბიზნესს საქართველოში. ამასთან ჩვენი იპოთეკური სესხებით სარგებლობენ სახელფასო პროექტში ჩართული კლიენტები, თუმცა მათი რაოდენობა შეზღუდულია, რადგან საცალო ბაზარზე დიდი მასშტაბებით არ ვართ წარმოდგენილი. მიუხედავად იმისა, რომ საცალო საბანკო საქმე არ არის ჩვენი ძირითადი სტრატეგიული მიმართულება, მოვუწოდებთ დაინტერესებულ პირებს, მოგვმართონ მსგავსი მოთხოვნებით. მზადყოფნას გამოვთქვამთ ოპერატიულად და კონკურენტული პირობებით მომსახურების მიწოდებაზე.
როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორად უმკლავდება ეროვნული ბანკი კრიზისის პერიოდში არსებულ გამოწვევებს და როგორ შეაფასებდით მის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს (SWAP გარიგებები, კონსერვაციის ბუფერისა და პილარ 2-ის ბუფერის ნაწილის გაუქმება, რეფინანსირების განაკვეთის შემცირება) კომერციული ბანკების დასახმარებლად?
ეროვნული ბანკი ცდილობს, მაქსიმალურად შეამციროს COVID 19 უარყოფითი ეფექტი საბანკო ინდუსტრიაზე. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მიერ COVID-19- ის პანდემიის გამოცხადებისთანავე დაიწყო საქართველოს ეროვნული ვალუტის სწრაფი გაუფასურება უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში. ამ დროს ეროვნულმა ბანკმა ყველა საჭირო ნაბიჯი გადადგა, რის შედეგადაც მოახერხა გაცვლითი კურსის მეტ-ნაკლებად შემცირება და მისი სტაბილიზაცია. გაცვლითი კურსის მსგავსად, სებ-მა მოახდინა კომერციული ბანკების წახალისება, მიეცათ დაზარალებული მომხმარებლებისთვის საშეღავათო პერიოდი სესხების დაფარვაზე, რამაც თავის მხრივ, საშუალება მისცა შესაბამისი დარგების ბიზნესებსა და მსესხებელ ფიზიკურ პირებს, კონცენტრირება მოახდინათ არასაბანკო პრობლემების მოგვარებაზეც.
ნინო თამაზაშვილი