წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიიღეს უკრაინის „სამოქალაქო თავისუფლებათა ცენტრმა“, რუსულმა სამართალდამცავმა ორგანიზაცია „მემორიალმა“ და ბელარუსის სამართალდამცავი ცენტრის, „ვიასნის“ თავმჯდომარემ, ალეს ბიალიაცკიმ, რომელიც პოლიტპატიმრად არის მიჩნეული.
„მემორიალს“, რომელიც რუსეთში სასამართლოს გადაწყვეტლებით დაიხურა და ადრე უცხოეთის აგენტად იქნა ცნობილი, ოსლოში დაჯილდოების ცერემონიაზე წარმოადგენდა მისი მმართველობის თავმჯდომარე იან რაჩინსკი. თავის გამოსვლაში მან თქვა, რომ „ხელისუფლებაში ვლადიმირ პუტინის მოსვლის შემდეგ რუსეთის ახალმა ხელმძღვანელობამ და მისმა იდეოლოგიურმა მსახურებმა დაუძინებელი და აგრესიული ‘მეხსიერების ომები’ დაიწყეს თავიანთი მეზობლების წინააღმდეგ“, ისინი ისტორიულ სიმართლეს ანადგურებდნენ საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის.
„საქმე იმით დასრულდა, რომ ‘ნაციონალიზმისა’ და ‘ბანდერელთა’ წინააღმდეგ ბრძოლა იქცა უკრაინის წინააღმდეგ გიჟური და დანაშაულებრივი საოკუპაციო ომის იდეოლოგიურ გამართლებად და პროპაგანდისტულ უზრუნველყოფად,“ თქვა რაჩინსკიმ.
„სამოქალაქო თავისუფლებათა ცენტრს“ დაჯილდოების ცერემონიაზე წარმოადგენდა მისი ხელმძღვანელი, უკრაინელი უფლებადამცველი ოლექსანდრა მატვიიჩუკი. ის გამოვიდა მოწოდებით, შეაჩერონ ომი და დაეხმარონ უკრაინას.
„ჩვენ არ ვიცით, კიდევ რამდენი დრო გვაქვს დარჩენილი. და ვინაიდან მშვიდობის დარგში ნობელის ამ პრემიის გადაცემის ცერემონია ომის დროს ხდება, თავს უფლებას მივცემ, მივმართო ხალხს მთელს მსოფლიოში და სოლიდარობისკენ მოვუწოდო მათ. უკრაინის მხარდასაჭერად არ არის აუცილებელი უკრაინელობა. საკმარისია უბრალოდ ადამიანად ყოფნა,“ თქვა მატვიიჩუკმა.
ბიალიაცკის ნაცვლად, რომელიც ამჟამად კოლონიაში იხდის პატიმრობას, ოსლოში პრემიის გადაცემის ცერემონიაზე ჩავიდა მისი მეუღლე ნატალია პინჩუკი. თავის გამოსვლაში მან ილაპარაკა რუსეთზე, როგორც „საერთაშორისო დიქტატორზე“ და მის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობაზე.
„ზუსტად ვიცი, რანაირი უკრაინა იქნებოდა რუსეთისა და პუტინისთვის მისაღები - დამოკიდებული დიქტატურა. ისეთივე, როგორიცაა დღევანდელი ბელარუსი, სადაც არ ისმის დაჩაგრული ხალხის ხმა. რუსეთის სამხედრო ბაზები, უზარმაზარი ეკონომიკური დამოკიდებულება, კულტურული და ენობრივი რუსიფიკაცია - აი, პასუხი, ვის მხარესაა ლუკაშენკა. ბელარუსის ხელისუფლება მხოლოდ იმდენადაა დამოუკიდებელი, რამდენადაც მას ამის ნებას აძლევს პუტინი,“ თქვა პინჩუკმა.