ოზურგეთში გადაუდებელი დახმარების ცენტრის მედპერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში გააგრძელებს. ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცენტრი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებითაა დაპროექტებული.
ადმინისტრაციული შენობა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორთან ალექსანდრე კალანდიასთან ერთად გახსნა.
“ოზურგეთში, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 32 ახალი ადმინისტრაციული შენობა გავხსენით, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამება. პროექტი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. ახალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების შენობაში 7 ბრიგადის განთავსებაა შესაძლებელი. მალე გურიის რეგიონს ახალი რეანომობილიც გადაეცემა. პანდემიის პერიოდში ექიმები წინა ხაზზე არიან და მათ ამ თავდადებისთვის მადლობა მინდა გადავუხადო“- ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრების მშენებლობის პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს.