2020 წლის 11 თებერვალს, საქართველოსა და აზერბაიჯანის სატრანსპორტო უწყებების მიერ ერთობლივი შეთანხმების მიღწევა, თურქმენეთის ნავთობნაკადის ვოლგა - დონის სამდინარო არხიდან საქართველოს სატრანსპორტო დერეფნით გადმორთვის შესახებ, უდაოდ შეიძლება დადებითად შეფასდეს.
ვოლგა - დონის სამდინარო არხის ტექნიკური პარამეტრები - სიგრძე 101 კმ, წლიური გამატარუნარიანობა 10.5 მლნ ტონა, ნავიგაციის ხანგრძლიობა - მარტი - ნოემბერი, საშუალოდ, წელიწადში 200 დღე, ფაქტიურად არხი წელიწადში 8-9 მლნ ტონას ატარებს, ამ მოცულობაში 4-5 მლნ ტონა ნავთობნაკადია. რუსეთი, მნიშვნელოვან ინვესტიციებს დებს არხის, როგორც ტექნიკური პარამეტრების და გამტარუნარიანობის ასევე სამდინარო ფლოტის გასაუმჯობესებლად. გადაზიდვებს ძირითადად, რუსული „როსნეფტი“ და თუქრმენული „თურქმენ პეტროლიუმი“ ახორციელებენ.
თურქმენული ნავთობნაკადი - თურქმენეთი წელიწადში 6-7 მლნ ტონა ნავთოპროდუქტს აწარმოებს, ამ მოცულობიდან 2 მლნ ტონა, გადაიზიდება ტრანსკასპიური მიმართულებებით. ვოლგა - დონის სამდინარო არხით 2018 წელს, უკრაინის და ხმელთაშუა ზღვის მიმართულებით 1 მილიონი ტონა დიზელის საწვავი და 0.5 მლნ ტონა მაზუთი გადაიზიდა.
რამდენად პარადოქსალურიც არ უნდა იყოს თურქმენული მაზუთის მნიშვნელოვანი მოცულობა გადაიზიდება საქართველოს ნავსადგურების მიმართულებით, არა უმოკლესი სახმელეთო დერეფნით, საქართველოსა და აზერბაიჯანის რკინიგზების გავლით, არამედ ვოლგა დონის არხით, შემოვლით, მიემართება საქართველოს ნავსადგურებში, სადაც მსხვილი პარტიებად ფორმირების შემდგომ, თურქმენული ნავთობი ხვდება მსოფლიო ბაზრებზე.
დადებითი ფაქტორები - აზერბაიჯანის მიერ საკუთარი სატრანსპორტო სისტემით, თურქმენული ნავთობნაკადადების ბლოკირების დამკვიდრებული ტენდენციის ფონზე, აზერბაიჯანის მსხვილი სატრანპორტო უწყებების ჩართვა, სახმელეთო გადაზიდვების სქემაში უდაოდ განხილული უნდა იქნეს, როგორც, საქართველოს დერეფნით ახალი ტვირთნაკადების მოზიდვის დადებით წინაპირობად.
რუსეთ - უკრაინის დაპირისპირების ფონზე, რესეთის დროშით მცურავი სანაოსნო კომპანიები, უკრაინის ნავსადგურებში გემების დაპატიმრების მოტივით, თავს იკავებენ თურქმენული დიზელის საწვავის უკრაინის ნავსადგურებში ხერსონში, ნიკოლაევში, ოდესაში ვოლგა დონით არხით გადაზიდვების განხორციელებაზე. რაც უდაოდ ამ ტვირთნაკადის, საქართველოს დერეფნით გადმორთვის დამატებითი წინაპირობაა.
დამატებითი ფაქტორი, რამაც შესაძლოა დადებითად იმოქმედოს თურქმენული ნავთობის მოზიდვაზე, სამდინარო ტანკერების სეზონური დეფიციტია, რაც იწვევს, ვოლგა დონის არხით გადაზიდვის ტარიფის - ტონაზე 50 დან 60 დოლარამდე გაზრდას. გემების სეზონური დეფიციტით გამოწვეული პრობლემა არ ახასიათებს, საქართველოს დერეფნით სახმელეთო გადაზიდვებს.
პაატა ცაგარეიშვილი