დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თავმჯდომარის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ნელ-ნელა ვირუსი ნაკლებად აგრესიული ხდება, შემთხვევების 80% მსუბუქად მიდის, მაგრამ უფრო და უფრო მეტი მსუბუქი შემთხვევების შეტყობინება ხდება სხვადასხვა ქვეყნებიდან. მისივე თქმით, კარანტინში მოთავსებული მოქალაქეები უკმაყოფილონი არიან იმით, რომ მოწყვეტილები არიან თავიანთ ოჯახებს, მაგრამ ეს ისევ მათი ოჯახების საკეთილდღეოდ კეთდება.
„გრძელდება მნიშვნელოვანი შეკავების ღონისძიებები, რათა არ მოხდეს ვირუსის საზოგადოებრივი გავრცელება. მაქსიმალურად გავწელოთ ეს დრო, როდესაც შესაძლებელი იქნება საზოგადოება დავიცვათ ამ ვირუსისაგან, ამიტომაც ტარდება საკარანტინო ღონისძიებები. ბევრი უკმაყოფილოა იმით, რომ მოწყვეტილები არიან თავიანთ ოჯახებს, მაგრამ დამერწმუნეთ, ეს პირველ რიგში ისევ მათი ოჯახების და, რა თქმა უნდა, მთელი ჩვენი საზოგადოების საკეთილდღეოდ კეთდება, რომ ვირუსის გავრცელება მაქსიმალურად შევანელოთ. ნელ-ნელა ვირუსი ნაკლებად აგრესიული ხდება, შემთხვევების 80% მსუბუქად მიდის, მაგრამ უფრო და უფრო მეტი მსუბუქი შემთხვევების შეტყობინება ხდება სხვადასხვა ქვეყნებიდან და ამის იმედი გვაქვს, რომ ვირუსი ნელ-ნელა ეგუება ადამიანის ორგანიზმს და ნაკლებად აგრესიული ხდება. მთელ მსოფლიოში არის მოლოდინი, რომ ამან პროცესმა შეიძლება პანდემიის სახე მიიღოს, რასაც შესაბამისად ყველა ქვეყანაში ინფექციის გავრცელება მოყვება“, - განაცხადა იმნაძემ.
მსოფლიო მასშტაბით, ვირუსი უკვე 54 ქვეყანაშია გავრცელებული, სადაც გარდაცვლილთა რაოდენობამ 70-ს მიაღწია. 83 650 ინფიცირებულიდან გამოჯანმრთელებული კი 36 533-ია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დაავადებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც 26 თებერვალს აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. საუბარია 50 წლის კაცზე. პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
კორონავირუსის კიდევ ერთი ფაქტი საქართველოში 2020 წლის 28 თებერვალს დადასტურდა. 26 თებერვალს ჯანმომ განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების საფუძველი ჯერ არ არსებობს.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს.
imedinews