ლოქდაუნში 80 %-მდე შემცირებული ხარჯები მომხმარებელმა მაისის მე-2 ნახევრიდან ერთბაშად 70% გაზარდა. TBC Research-მა აპრილი-მაისის პერიოდში მომხმარებლების ხარჯების ანალიზი წარადგინა. კვლევისთვის უნაღდო ანგარიშწორებაა გამოყენებული. მთლიანმა ხარჯებმა (საკვებისა და ფარმაცევტული პროდუქციის გამოკლებით) კლება მარტის მე-2 ნახევრიდან დაიწყო და მაქსიმუმს აპრილის მე-2 ნახევარში მიაღწია. ამ პერიოდში მომხმარებლების დანახარჯები წლიურად (Y.Y) 60%-ზე მეტად იყო შემცირებული.
საპირისპიროდ, სურსათსა და ფარმაცევტულ პროდუქციაზე დანახარჯების მნიშვნელოვანი ზრდაა. მაისის მე-2 ნახევარში სურსათზე გაწეული ხარჯები წლიურად საშუალოდ 60-80%-ით მომატებულია.. ფარმაცევტულ პროდუქციაზე ზრდაა 40-60% (Y.Y).
ტანსაცმელსა და სხვა აქსესუარებზე მომხმარებელი მარტის მეორე ნახევრიდან აღარ ხარჯავდა. აპრილის ბოლოს კი წლიური ვარდნა 80%-ის ფარგლებში იყო. ხარჯის დანარჩენი ნაწილი ონლაინ შოპინგზე მოდის, რადგან ივნისის დასაწყისამდე საქართველოში მაღაზიები დახურული იყო.
მაისის ბოლოს, 18-24 მაისის პერიოდში „გართობაზე“ გაწეუილი ხარჯების ვარდნის მაჩვენებელი წლიურად 93% იყო. ნულამდე შემცირდა ფიტნესზე გაწეული ხარჯები.
მარტის ბოლოდან მაისის დასაწყისამდე მნიშვნელოვნად შემცირდა სამშენებლო მასალებზე, ავეჯსა და ტექნიკაზე გაწეული ხარჯებიც. ვარდნა წლიურად 80-100%-ის ფარგლებში იყო სამშენებლო მასალებისა და ავეჯის შემთხვევაში, ხოლო ტექნიკაზე კი 40-60%-ის ფარგლებში. საგანგებო მდგომარეობისას ტექნიკის შესაძენად მცირე აქტუალობას ინარჩუნებდა ონლაინ შოპინგი.
მაისის მეორე ნახევრიდან სამივე კომპონენტზე მნიშვნელოვანი ზრდა აღინიშნა.სამშენებლო მასალებზე გაწეულმა ხარჯებმა 70% ზრდა აჩვენა (Y.Y).
მაისის მეორე ნახევარში გაიზარდა დანახარჯები ავტომობილის შეკეთებაზე. კერძოდ მიმდინარე წლის მომხმარებლებმა 40-45%-ით მეტი დახარჯეს, ვიდრე შარშან.
საანგარიშო პერიოდში საწვავზე გაწეულ ხარჯები თითქმის 2019 წლის მაჩვენებელს გაუტოლდა. ყველაზე დიდი ვარდნა -60% ფარგლებში აპრილის მეორე ნახევარში იყო.
gbc.ge