რუსთავის ბაზრობა შეიძლება დაიკეტოს. ამის შესახებ „კომერსანტთან“ საუბარში ავტოდილერებმა განაცხადეს. კომპანია „რობანი მოტორსის“ დირექტორის ელგუჯა ჯამაგიძის თქმით, სხვა ქვეყნების მოქალაქეები მანქანების შეძენის მიზნით საქართველოში უკვე აღარ ჩამოდიან, ხოლო ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციამ მცირე ზომის ავტოსადგომებზე გადაინაცვლა, რის გამოც ავტობაზრობამ ფუნქცია დაკარგა.
„ძალიან ბევრმა კომპანიამ გახსნა მცირე ავტოსადგომები სხვა ტერიტორიებზე, რომელთა უმეტესობა თბილისშია თავმოყრილი. როცა ბაზარზე არ შემოდის უცხო ქვეყნის მოქალაქე და ადგილზე პარკირების ფასები მაინც მაღალია, ცხადია, ავტოსადგომიდან გასვლა ურჩევნიათ. დედაქალაქში ათეულობით მცირე ავტოსადგომი აქვთ მოწყობილი, სადაც შეიძლება მანქანების ყიდვა-გაყიდვა. ფიზიკური პირები ამ მიზნით სოციალურ ქსელებსაც აქტიურად იყენებენ. რაც ჩვენი კომპანია არსებობს, რუსთავის ავტოსადგომს ვიყენებდით, მაგრამ ბოლო დროს ჩამოყვანილი მანქანებისთვსი სხვა, მცირე ზომის ავტოსადგომი შევარჩიე. ასეა თითქმის ყველა დილერი. ტერიტორიაზე თითქმის არავინ შემოდის, მომხმარებელი შემოაკლდა“, - ამბობს ჯამაგიძე.
რუსთავის ავტობაზრობის დაკეტვის დიდ ალბათობას ხედავს კომპანია ,,იამოტოს დამფუძნებელი პაატა მაისურაძეც.
„გარკვეული პერიოდის განმავლობაში ობიექტი დაკეტილი იყო. შემდეგ გაიხსნა, მაგრამ მის მიმართ ინტერესი უკვე აღარ არის. რუსთავის ავტობაზრობა და ნებისმიერი მსგავი ორგანიზიაცია ფუნქციას კარგავს იმიტომ, რომ ბაზარზე სხვა მოთხოვნები ჩნდება. ვისაც მანქანის გაყიდვა სურს, შეუძლია, რუსთავში საერთოდ აღარ წავიდეს. ამისთვის არის სოციალური ქსელი და მცირე ავტოსადგომებიც, სადაც ასევე შესაძლებელია ავტომობილების შეძენა. ჩვენს შემთხვევაში, საკუთარი ავტოსალონი გვაქვს, მაგრამ გაყიდვას ყველაზე მეტად სოციალური ქსელების საშუალებით ვახდენთ“, - ამბობს მაისურაძე.
ცნობისთვის, რუსთავის ავტობაზრობა AUTOPAPA – ყველაზე დიდი და თანამედროვე კომპლექსია კავკასიაში, მთლიანი ფართობი 225 000 კვადრატული მეტრია. ავტოკომპლექსის ტერიტორიაზე არსებული ავტობაზრობა 5000 ავტომობილს იტევს. აქვეა მოწყობილი საბაჟო კონტროლის ზონა (2000 ავტომობილის ტევადობით), სასტუმრო, სავაჭრო ცენტრი და სერვისცენტრი.
გარდა საქართველოს მოქალაქეებისა, ავტობაზრობის სტუმრებს წარმოადგენდნენ უკრაინის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, სომხეთის და თურქმენეთის მოქალაქეები, თუმცა პანდემიურ პერიოდში, ასევე გლობალურ ავტობაზრებზე მიმდინარე პროცესების გამო, მათი რაოდენობა თანდათან შემცირდა. როგორც დილერები ამბობენ, უკვე მინიმალურ დონეზეც აღარ არის.
მარი ჩიტაია