მას შემდეგ, რაც მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შეზღუდვები დაწესდა, საქართველოში ქალაქიდან მოშორებით, კერძო სახლებში დასახლების ტენდენცია შეინიშნება, ამ ყველაფერმა კი ხის სახლებზე მოთხოვნა საგრძნობლად გაზარდა.
ხის სახლების მწარმოებელი კომპანიის „ოდაჰაუსის“ ადმინისტრაციული მენეჯერი მარიამ გუგუციძე ხის სახლებზე მზარდ მოთხოვნას პანდემიას უკავშირებს და აღნიშნავს, რომ მათი პროდუქტი აქამდე ასეთი პოპულარული არ ყოფილა.
“ხის სახლებზე მოთხოვნა მზარდია, ხაზგასმით შემიძლია აღვნიშნო, რომ მსგავსი სახლები აქამდე ასეთი პოპულარული არ ყოფილა. შეკვეთებს პრაქტიკულად საქართველოს ყველა კუთხიდან ვიღებთ. ვაშენებთ როგორც თბილისის შემოგარენში, ასევე მაღალმთიან რეგიონებში. ხალხი მიეჩვია და ფიქრობს, რომ ხის სახლები ბეტონის სახლს არაფრით ჩამოუვარდება. ხის სახლს კი უპირატესობას მისი ეკოლოგიურობა და ენერგოეფქტურობა ანიჭებს. აქედან გამომდინარე, ჩვენი აშენებული სახლების პოპულარობა განსაკუთრებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაათმაგდა.
პანდემიის პერიოდში, ადამიანებს ერთმანეთთან ნაკლები ურთიერთობა აქვთ, სახლიდან ისე ხშირად ვეღარ გადიან, შესაბამისად ბევრს ქალაქგარეთ ცხოვრების სურვილი გაუჩნდა და ვისაც კი პატარა მიწა ჰქონდა, ყველამ სახლის ჩადგმა გადაწყვიტა, ადრე თუ მხოლოდ ტურისტული მიზნით გვიკვეთავდნენ, ახლა უკვე ხის სახლებს პირადი სარგებლობისთვის იშენებენ.
გამომდინარე იქიდან, რომ მკაცრი შეზღუდვები სამშენებლო სექტორზე არ გავრცელებულა, პანდემიას საგრძნობი უარყოფითი ზეგავლენა არ მოუხდენია ჩვენს ბიზნესზე. რაც შეეხება იმპორტის მხრივ შეზღუდვებს, მცირე წყვეტები გვქონდა, თუმცა მუშაობაში ხელი არ შეგვშლია, მარაგების ხარჯზე წარმოების პროცესს უწყვეტად ვაგრძელებდით“, - აღნიშნა მარიამ გუგუციძემ
„ოდაჰაუსს“ სამშენებლო მასალა რუსეთიდან შემოაქვს, მიმდინარე წელს საერთაშორისო მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხის სახლებით მშენებლობის ბუმის გამო ხეზე ფასი 300% ით გაზარდა, როგორც გამოცემა businessinsider წერდა, რუსეთში ხეზე და სამშენებლო მასალებზე ღირებულება 300%-ით იყო გაზრდილი, გარდა ამისა გამოცემა წერდა, რომ რუსეთმა ნედლი ხის ექსპორტზე შეზღუდვა დააწესა და მხოლოდ გადამუშავებული ფიცრის გატანა იყო შესაძლებელი. „კომერსანტის“ კითხვაზე, თუ როგორ აისახა ეს ყველაფერი სახლის ღირებულებაზე, მარიამ გუგუციძე პასუხობს, რომ სახლის ფასს მასალის პროპორციულად ვერ ზრდიან, რადგან საქართველოს ბაზარი ამხელა ფასისთვის მზად არ არის.
“მშენებლობაში ძირითადად რუსეთიდან იმპორტირებულ, გამომშრალ
ფიჭვის და ნაძვის ხის მასალას ვიყენებთ. ხის სახლის მშენებლობის პროცესში მნიშვნელოვანია
ხე იყოს გამომშრალი, რათა მომავალში სახლმა დეფორმაცია არ განიცადოს, ჭია და ობი არ
გაუჩნდეს. მიუხედავად იმისა, რომ რუსული ნედლეული ადგილობრივთან შედარებით ორჯერ ძვირია, ექსპორტიც გართულებულია ეს
მასალა ზედმიწევნით აკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნებს. სხვადასხვა სამშენებლო მასალა დაახლოებით
20-დან 100% მდეა გაძვირებული. ჩვენ ფასებს პროპორციულად ვერ ვზრდით, რადგან ქართველი
მომხმარებლები არ არის მზად ამ ცვლილებებისთვის. ძირითადად კომპანიის
მოგების ხარჯზე ხდება ფასის დაბალანსება . რაც შეეხება კვადრატულის ღირებულებას, საშუალოდ,
დღეის მდგომარეობით, ფასი $350-იდან იწყება“, - აღნიშნა მარიამ გუგუციძემ.
„ოდაჰაუსი“ კომპლექსურ შეკვეთებზეც მუშაობს. როგორიცაა ტურისტული მიზნებისთვის განკუთვნილი რამდენიმე კოტეჯი პლუს რესტორანი. ასევე შეთავაზებაში აქვთ კანალიზაციის ინდივიდუალური სისტემის მონტაჟიც.
„ჩვენ ასევე ვმუშაობთ კომპლექსურ შეკვეთებზეც. მიმდინარეობს რამდენიმე პროექტის დამუშავება, მაგალითად რომელიც მოიცავს 4 საცხოვრებელ კოტეჯს თავისი რესტორნით. მომხმარებელს ასევე ვთავაზობთ ხის ღობეებს, ალაყაფის კარებს, ჭიშკრებს. საქართველოში კანალიზაციის სისტემა ყველგან მოწესრიგებული არ არის, მითუმეტეს მაღალმთიანეთში, ამიტომ ჩვენს სახლებთან ერთად ძალიან აქტუალურია ინდივიდუალური კანალიზაციის სისტემები. მაქსიმალურ კომფორტს ვუქმნით მომხმარებელს. ვაბარებთ სახლს სრული რემონტით, მათ მხოლოდ ავეჯის და აქსესუარების შეტანა სჭირდებათ ახალ სახლში. რაც შეეხება დიზაინს , ნებისმიერი ვიზუალის და სირთულის პროექტებს ვახორციელებთ. მომხმარებელი არ არის არჩევანში შეზღუდული. “, - აღნიშნა მარიამ გუგუციძემ.
მისივე თქმით „ოდაჰაუსის“ სახლის აშენებას 21-დან 60 დღემდე სჭირდება, რაც სახლის მოცულობასა და პროექტის სირთულეზეა დამოკიდებული.
კომპანია სამი წელია რაც ხის სახლებს აშენებს, თუმცა „ოდაჰაუსის“ ბრენდის ქვეშ წლინახევრის წინ განხორციელებული რებრენდინგის შედეგად ოპერირებენ. ამ ეტაპზე “ოდაჰაუსი“ 50 ადამიანს ასაქმებს. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს და ბიზნესის გაფართოებას, გუგუციძე ამბობს, რომ ეს მოთხოვნაზეა დამოკიდებული.
“ყველაფერი დამოკიდებულია მოთხოვნაზე, ვცდილობთ ბაზარს ფეხი ავუწყოთ და მოთხოვნის შესაბამისად გავაფართოოთ ჩვენი წარმოება. კომპანია დიდ ყურადღებას უთმობს, როგორც ხარისხიან სამშენებლო მასალას, ასევე ასევე კვალიფიციური მუშა-ხელის მოძიებას და მათ გადამზადებას. პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად ვახერხებთ ამ სფეროს განვითარებას და ვამაყობთ ამ პერიოდში მიღწეული წარმატებებით “, - აღნიშნა მარიამ გუგუციძემ.
თაკო კვაჭანტირაძე