2023 წელს პანდემიამდელ მაჩვენებელთან (2019 წელთან) შედარებით Galt & Taggart-ი ქვეყანაში ტურისტული ვიზიტების 100% -იან აღდგენას პროგნოზირებს, ხოლო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების 15%-იან წლიურ ზრდას $4 მილიარდამდე მოელის.
როგორც Galt & Taggart-ის ანგარიშშია აღნიშნული, ქვეყანაში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2022 წელს სრულად აღდგა 2019 წლის მონაცემებთან შედარებით. 2022 წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა აჭარაში 47%-იანი, ხოლო მცხეთა-მთიანეთში 11%-იან ზრდას მიაღწია. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ზრდა 3%-ის დონეზე იყო, ხოლო სხვა რეგიონებში 16%-იანი კლება დაფიქსირდა.
სასტუმროების შემოსავლები აჭარაში უფრო სწრაფად აღდგა ვიდრე თბილისში, თუმცა სასტუმროებზე ნებართვების გაცემა მნიშვნელოვნად შენელდა. 2019 წელს თბილისში სასტუმროების მშენებლობისთვის გაცემულმა ნებართვებმა 93,461 კვ/მ შეადგინა, 2022 წელს კი მხოლოდ 60,785 კვ/მ. რაც შეეხება ზღვისპირა რეგიონს, 2019 წელს აჭარაში სასტუმროების მშენებლობისთვის გაცემული ნებართვები 484,382 კვ/მ-ზე გაიცა, ხოლო პანდემიის დაწყების შემდეგ კი კლება დაიწყო და 2022 წელს 53,231 კვ/მ გახდა.