ინფლაციის შენელების მიუხედავად, სურსათის სექტორში ფასების მაღალი დონე ნარჩუნდება. პანდემიამდელ პერიოდში სურსათის ზრდის ტემპი 5-6% იყო, მიმდინარე წლის მარტში -12%-იანი ინფლაციაა სურსათის კატეგორიაში, აცხადებს Galt&Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე.
„მარტში გქონდა წლიური 5.3%-იანი ინფლაცია, ეს მნიშვნელოვანი შენელებაა წინა თვეებთან შედარებით. ამას მიზეზი 2 კატეგორიაში - ტრანსპორტის და ჯანდაცვის სექტორებში შემავალ პროდუქტებზე ფასების კლება იყო, რამაც მთლიან ინფლაციაში 2 პროცენტული უარყოფითი გავლენა მოახდინა ინფლაციაზე. თუმცა, მაინც მაღალი დონე ნარჩუნდება, განსაკუთრებით სურსათის ფასებში, რამაც 5.3%-იან ინფლაციაში 3.5%-იანი წვლილი შეიტანა.
პანდემიამდელ პერიოდში - 2017-18 წლებში, ამ კატეგორიაში ფასების ზრდის ტემპი იყო 5-6%, მიმდინარე წლის მარტში გვაქვს 12%-იანი ინფლაცია სურსათის კატეგორიაში, კლების ტენდენცია შეინიშნება, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ნელი ტემპებით ხდება, ვიდრე ამის მოლოდინი იყო, როცა საერთაშორისო ბაზარზე სურსათის ფასებმა დაიწია“, - განაცხადა ლაშა ქავთარაძემ რადიო „კომერსანტის“ ეთერში.
მისი თქმით, სასურსათო პროდუქტებზე მაღალი ფასების შენარჩუნების მიზეზი ის არის, რომ ლარის კურსის გამყარება სრულად არაა ასახული ამ კონკრეტულ სექტორზე.
„ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ლარის კურსის გამყარება სრულად არაა ასახული ამ კატეგორიაზე. სხვა მიზეზებიდან - შესაძლოა კვლავ არსებობს მიწოდების ჯაჭვებში რაღაც პრობლემები და კონკურენციის სააგენტო იკვლევს ამ თემას. შემცირების ტენდენცია შემდეგ თვეებში გაგრძელდება, “ - განაცხადა ლაშა ქავთარაძემ.
მისი პროგნოზით, საშუალო წლიური ინფლაცია 4.7% იქნება და გამორიცხული არ არის, რომ უფრო ნაკლებიც იყო.
„სანამ მარტის ინფლაცია გამოქვეყნდებოდა, ვპროგნოზირებდით საშუალო წლიურ ინფლაციას 5.2%-ის ფარგლებში. თუმცა, მარტის ინფლაციამ შესაძლებლობა მოგვცა გადაგვეხედა კლების მიმართულებით და ახლა საშუალო წლიური პროგნოზი 2023 წლისთვის არის 4.7%, გამორიცხული არ არის უფრო ნაკლებიც მივიღოთ. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გამოაქვეყნა მსოფლიო ეკონომიკური მიმოხილვა და ინფლაცია საქართველოში 5.9%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი. ეს არის საშუალო წლიური პროგნოზი და პერიოდის ბოლოს არის 4%. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ნაკლებია ალბათობა იმისა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ეს პროგნოზი გამართლდეს, რადგან ფასების შემცირების ტენდენცია სახეზეა. ეროვნული ბანკის პროგნოზს თუ შევხედავთ, ისინი წლის მეორე ნახევარში 3%-ზე ქვემოთ ელოდებიან ინფლაციას. არის სიგნალი იმისა, რომ ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის შერბილება დაიწყოს.
ლარი განაგრძობს გამყარებას. გამომდინარე იქიდან რომ ტურიზმის სეზონია, ტურიზმის გამოცოცხლებას ველოდებით სეზონის პერიოდში. თუმცა, ეროვნული ბანკის ინტერვენციებიც გაიზრდება. მიგრაციის ეფექტის შენელებაა მოსალოდნელი. ამ დაშვებით ლარის კურსი გარკვეულ კორექციას მოახდენს და ჩვენი პროგნოზია, რომ წლიურ ჭრილში ლარი დოლარის მიმართ საშუალო გაცვლითი კურსი 2.65-ის ფარგლებში იქნება“, - განაცხადა ლაშა ქავთარაძემ.