მსოფლიოს საფონდო ბაზრებზე კორექცია დაიწყო. ერთ–ერთი მთავარი ფაქტორი, რაც ინვესტორებს აშინებს, კვლავ პანდემიაა. ახალი შტამის გავრცელებამ და ინფიცირების მაჩვენებლის ზრდამ, შესაძლოა, ეკონომიკის აღდგენის პროცესი შეაფერხოს.
მართლაც, კორონავირუსი კვლავ მეინსტრიმი ხდება, მსოფლიოს ყველა საინფორმაციო სააგენტო წერს ამის შესახებ და ჯანმოც განგაშის ზარებს სცემს. აშშ–ში ბოლო კვირის განმავლობაში ინფიცირების რაოდენობა 70%–ით, ხოლო გარდაცვალების – 26%–ით გაიზარდა. ამ მხრივ ვითარება მთელ მსოფლიოში მძიმდება. ჯანმოს მონაცემებით, მაისის შემდეგ პირველად, მსოფლიოში ერთი კვირის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 3,5 მლნ შემთხვევა დაფიქსირდა. ახალი შტამის გამო ყველა შეშფოთებულია.
გაუარესებული დინამიკა საფინანსო ბაზარზე ახდენს გავლენას. მიუხედავად იმისა, რომ ინდექსების დინამიკა დღეს საგანგაშოდ არ გამოიყურება, ბოლოდროინდელი მაქსიმუმების შემდეგ ზოგიერთი ფასიანი ქაღალდის კაპიტალიზაციის ვარდნა ათობით პროცენტში გამოიხატება.
მანამდე ანალიტიკოსები წერდნენ, რომ, მაგალითად, აშშ–ში ინდექსები ზედმეტად არიან დამოკიდებული მაღალი კაპიტალიზაციის კომპანიების აქციების ფასზე, როგორებიცაა Apple, Amazon, Microsoft, Google და Facebook.
სწორედ მათ ხარჯზეა, რომ საფონდო ინდიკატორები დღემდე ინარჩუნებენ პოზიტიურ ეფექტს. ზემოხსენებული აქციების ჯამური ფასი, ივნისის დასაწყისიდან, $1 ტრილიონზე მეტით გაიზარდა.
მხოლოდ Apple, Amazon, Microsoft და Google ჯამური საბაზრო კაპიტალიზაციით $8 ტრილიონს ფლობენ, რაც აშშ–ის მშპ–ის 37%–ს შეადგენს. თუ Facebook–საც დავამატებთ, 5 აქციას მივიღებთ, ჯამში $9 ტრილიონით – აშშ–ის მშპ–ს 42%. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, შტატების საბაზრო კაპიტალიზაციის 40% 5 აქციაშია აკუმულირებული.
სწორედ ამიტომაა, რომ გარე თვალით არ ჩანს დანარჩენი აქციების მკვეთრი ვარდნა. ინვესტორები ავიასექტორს აქტიურად ყიდიან. მაგალითად, United Airlines–ის აქციები ივნისის დასაწყისიდან 25%–ით გაიაფდა. ნავთობის სექტორის წნეხის ქვეშაა. ExxonMobil, ცოტახნისწინანდელი მაქსიმუმების შემდეგ, 12%–ით გაიაფდა. კლება პრაქტიკულად ყველგან შეინიშნება.
თვალსაჩინოა, რომ ბაზრებზე მღელვარებას პანდემიის მორიგი ტალღის მოახლოვება იწვევს. სწორედ ასეთი სცენარით ვითარდებოდა მოვლენები მანამდეც: თავდაპირველად ინვესტორები ტურიზმთან და ავიამიმოსვლასთან დაკავშირებულ აქციებს ყიდიან, შემდეგ ენერგეტიკას, რასაც სამრეწველო კომპანიების აქციების მოჰყვება.
მნიშვნელოვანია ვალდებულებების ბაზრის დინამიკაც. ამერიკული 10–წლიანი სახაზინო ობლიგაციების შემოსავლიანობა უკვე რამდენიმე თვეა, კლებულობს, იმის მიუხედავად, რომ საფონდო ინდექსები ზრდას განაგრძობდნენ.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვალდებულებების ბაზარს, რომელიც საფინანსო სისტემის უფრო მნიშვნელოვანი შემადგენელია, არ სჯერა ეკონომიკის შემდგომი მკვეთრი ზრდის. მაგალითად, შემოსავლიანობასა და საფონდო ინდექსებს შორის ასეთი განსხვავებული დინამიკა 2020–ის დასაწყისში ფიქსირდებოდა, რასაც მკვეთრი ვარდნა მოჰყვა.
რა თქმა უნდა, ფაქტად ვერ დავასახელებთ, რომ მომავალში ბირჟების მორიგი ჩამოშლა გველოდება, მაგრამ, როგორც ზემოთ ითქვა, უკვე ბევრი აქციაა ღრმა რეცესიაში. საკითხი ასე ისმის – როდის შევლენ რეცესიაში უმსხვილესი ტექნოლოგიური გიგანტები?
ასეა თუ ისე, ბევრი რამ ეკონომიკაზეა დამოკიდებული. თუ მოსალოდნელი ვარდნა არ მოხდა და მსოფლიო შეძლებს პანდემიის მორიგი ტალღის დაძლევას, ინვესტორებს გაიაფებული აქციების შეძენის შესაძლებლობა გაუჩნდებათ.