ფრანგ ეკონომისტ ტომას პიკეტის კვლევითმა ლაბორატორიამ World Inequality Lab-მა შეისწავლა მილიარდერების წილი ქვეყნების მთლიან სიმდიდრეში და ამ მაჩვენებელზე კორონავირუსის პანდემიის გავლენა.
აღმოჩნდა, რომ კრიზისის პერიოდში მილიარდერთა წილი გლობალურ სიმდიდრეში არათუ არ შემცირდა, არამედ მოიმატა. ამან გაზარდა მსოფლიოში უთანასწორობის მაჩვენებელიც.
World Inequality Lab-ის ინფორმაციით, დღეს მსოფლიოში 2750 მილიარდერი გლობალური სიმდიდრის 3,5%-ს აკონტროლებს - 1995 წელს ეს მაჩვენებელი გაცილებით დაბალი - 1%- იყო.
ამავე დროს დედამიწის მოსახლეობის უღარიბეს ნაწილს მსოფლიო ქონების მხოლოდ 2% ეკუთვნის.
კვლევის ერთ-ერთი ავტორის, ლუკას ჩანსელის, თქმით, ასეთი კატასტროფული უთანასწორობა ათწლეულების მანძილზე გატარებული არასწორი პოლიტიკის შედეგია.
„ათწლეულების მანძილზე მთავრობები ძირითად აქცენტს მოსახლეობის მაღალ ფენებზე აკეთებდნენ და იმედი ჰქონდათ, რომ ფინანსების ნაწილი მაინც ზემოდან ქვემოთ ჩამოედინება. ამისგან ყველა მოგებული დარჩებოდა, მაგრამ რეალურად ასე არ მოხდა,“ - განაცხადა მან.
მკვლევარების დასკვნით, პანდემიამ უთანასწორობა კიდევ უფრო გააღრმავა, რადგან კორონაკრიზისის დროს 100 მლნ-ზე მეტი ადამიანი შიმშილის ზღვარზე აღმოჩნდა, მილიარდერების ჯამური ქონება 4,1 ტრლნ. დოლარით გაიზარდა (მსოფლიო ბანკის გათვლები).
„კოვიდ-კრიზისმა სხვაობა ძალიან მდიდრებს და დანარჩენებს შორის კიდევ უფრო გააღრმავა. ეს ნაკლებად შესამჩნევია მდიდარ ქვეყნებში, სადაც მთავრობების ჩარევამ მოსახლეობის უმრავლესობას ჩვეული ცხოვრების დონის შენარჩუნების შესაძლებლობა მისცა, მაგრამ შედარებით ღარიბ ქვეყნებში ეს უთანასწორობა უფრო გამოჩნდა,“ - ამბობს ჩანსელი.
შემოსავლების და კეთილდღეობის განაწილების კუთხით, ყველაზე სამართლიანი რეგიონია ევროპა. სწორედ ევროპაზე მოდის მსოფლიოში მილიარდერთა სიაში ყველაზე მცირე წილი.
კერძოდ, 2750 მილიარდერიდან ევროპაში ცხოვრობს 25,2%,
სამხრეთ აზიაში 30%,
სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში - 34,3%,
ჩრდილოეთ ამერიკაში - 35,3%,
„შავ“ აფრიკაში - 37, 7%,
ახლო აღმოსავლეთში და ჩრდილოეთ (არაბულ)აფრიკაში - 44,5%,
ლათინურ ამერიკაში - 45,6%,
რუსეთში, ცენტრალურ აზიასა, ყოფილ სსრკ-ში - 45,9%.
ქონებრივი და ფინანსური უთანასწორობა მთელს მსოფლიოში 1980-იან წლებში, სხვადასხვა ქვეყნებში დერეგულირების და ლიბერალიზების პროგრამების რეალიზების შემდეგ, დაიწყო.
ზრდა განსხვავებული იყო: ამერიკაში, რუსეთში და ინდოეთში ეს მაჩვენებელი ძალიან მაღალი იყო, ევროპაში და ჩინეთში კი - შედარებით მცირე.
განვითარებად ქვეყნებში, მაგალითად, ინდოეთში, სერიოზულ პრობლემად რჩება საშუალო ფენის სიმცირე.
ლუკას ჩანსელის თქმით, რიგითი ადამიანებისთვის ბევრი არაფერი შეცვლილა: კოლონიალური ჩაგვრა კლასობრივმა ჩაანაცვლა, მდგომარეობა კი უკეთესობისკენ თითქმის არ იცვლება.
ავტორი: თენგიზ აბლოთია
წყარო: Forbes