მაკდონალდსის გაყიდვები საქართველოში პანდემიურ 2020 წელს მხოლოდ 3%-ით 96 მლნ ლარამდე შემცირდა, მაშინ როცა სხვა ქართულმა რესტორნებმა შემოსავლის 60-70 პროცენტი დაკარგეს. მიტანის სერვისის დახმარებით, საერთაშორისო სწრაფი კვების ქსელებმა, ორჯერ გამოცხადებული ლოქდაუნი თითქმის უმტკივნეულოდ გადაიტანეს.
საბჭოთა კავშირში მაკდონალდსის პირველი ფილიალი მოსკოვში 1990 წლის იანვარში გაიხსნა, საქართველოში კი მხოლოდ 9 წლის შემდეგ, 1999 წლის 5 თებერვალს შემოაღწია. პირველი ფილიალი მეტროსადგურ რუსთაველთან გაიხსნა. 2018 წელს ფრანჩაიზის ხელშეკრულება 20 წლის ვადით გახანგრძლივდა.
2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მაკდონალდსი საქართველოს 5 ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში სულ 18 რესტორანს ფლობდა. 18-დან 2 ფილიალი 2020 წელს გაიხხსნა რაზედაც 19 მლნ ლარი დაიხარჯა. იმავე წელს პურ-ფუნთუშეულის ქარხანაში კომპანიამ 26 მლნ ლარის ინვესტიცია ჩადო. კომპანია გასული წლის ბოლოს 1400 ადამიანს ასაქმებდა.
მიუხედავად იმისა, რომ მაკდონალდსის შემოსავალი 2020 წელს მხოლოდ 3%-ით შემცირდა, გაზრდილი ხარჯების გამო, ფინანსურმა ზარალმა 27.7 მლნ ლარს გადააჭარბა (2019 წელს ზარალმა 700 ათასი ლარი შეადგინა.), 27.7 მლნ-იან ზარალში 19.5 მლნ-იანი წილი ლარის გაუფასურებამ დაიკავა. მაკდონალდსში 2020 წელს გამოყენებილი ნედლეულის 90% იმპორტირებული იყო, ინვესტიციების 80%-იც ევროს კურსზე იყო მიბმული, რის გამოც ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ ხარჯებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია.
2021 წელს მაკდონალდსმა ბრედფილდის პურის საწარმო გახსნა. 2022 წელს 3 ახალი რესტორნის გახსნა აქვს დაგეგმილი. ბიუჯეტში შეტანილმა თანხებმა დაარსების დღიდან დღემდე 115 მლნ ლარს გადააჭარბა.
2019 წლის მდგომარეობით, მაკდონალდსი მსოფლიოს 119 ქვეყანაში 38 700 საკუთარი ან ფრაინჩაიზული რესტორნით ოპერირებდა. კომპანია $32 მლრდ-ის აქტივებს ფლობდა. მისმა შემოსავალმა 2019 წელს $21 მლრდ-ს გადააჭარბა, საიდანაც წმინდა მოგებას $6 მლრდ შეადგენდა.
რაც შეეხება კონკურენტებს, ვისოლ ჯგუფში შემავალ ვენდი’ს-სა და დანქინ დონატსს 2020 წლის ანგარიშგება არ წარუდგენიათ, 2019 წელს ვენდი’ს-ის შემოსავალმა 25.4 მლნ, ხოლო ზარალმა 10.4 მლნ შეადგინა, იმავე წელს დანკინ დონატსმა 17 მლნ-ის შემოსავალი მიიღო და 6.2 მლნ-იან ზარალზე გავიდა. KFC-მ 2020 წელს 27%-ით 17.1 მლნ ლარამდე გაზარდა და 5.5-ჯერ შემცირების მიუხედავად 200 ათას ლარიან მოგებაზე გასვლა მაინც მოახერხა. საბვეისა და ბურგერ ქინგის ანგარიშები კი საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის.
გიორგი ელიზბარაშვილი