სატელეკომუნიკაციო ბაზრის ერთ-ერთმა უმსხვილესმა მოთამაშემ „სილქნეტმა“ 2020 წლის კონსოლიდირებული აუდიტორული ანგარიში გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ გასულ, პანდემიურ წელს კომპანიის შემოსავალი 382.2 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც 2019 წელთან შედარებით 2%-ით ნაკლები იყო.
2019 წელს „სილქნეტის“ შემოსავალი 2018 წელთან შედარებით 12.44%-ით მეტი იყო და 387.2 მილიონ ლარს შეადგენდა.
წლიურ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ უკანასკნელ წლებში ბაზარზე არსებული ძლიერი კონკურენტული ზეწოლის მიუხედავად, რომელსაც 2020 წლის მარტიდან COVID-19 პანდემიის უარყოფითი გავლენა დაემატა, კომერციული შემოსავალი უკანასკნელ ორ წელიწადში საშუალოდ 2%-ით გაიზარდა. დოკუმენტში წერია, რომ ქსელში ინვესტიციებმა, განსაკუთრებით, მობილური ქსელის 4G-მდე გაუმჯობესებამ და ოპტიკური ქსელის გაფართოებამ კომერციული შემოსავლის ზრდას ხელი შეუწყო და მოსალოდნელია, რომ მომავალშიც მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება კომპანიის შემოსავლებისთვის. 2020 წელს ოპერატორებისგან მიღებული შემოსავლების კლებას კი კომპანიაში უცხოელი ვიზიტორებისგან მიღებული როუმინგის შემოსავლის კლებით ხსნიან, რაც, მათი თქმით, შემცირებულმა ტურიზმმა განაპირობა.
რაც შეეხება ხარჯებს, კომპანიის მთავარი საოპერაციო ხარჯი ცვეთის და ამორტიზაციის იყო, რამაც 2020 წელს 117 მილიონი ლარი შეადგინა. მეორე წამყვანი ხარჯი „სილქნეტში“ სახელფასო ფონდი იყო, რამაც 57 მილიონი ლარი შეადგინა. გასულ წელს კომპანიის ფინანსურმა ხარჯებმა 90 მილიონი ლარი შეადგინა. ხოლო, უცხოური ვალუტის კონვერტაციით გამოწვეული წმინდა ზარალი 88 მილიონი ლარი იყო. კომპანიის მოგება-ზარალის უწყისის მიხედვით, გასული წლის განმავლობაში „სილქნეტის“ მთლიანი ზარალი 87 მილიონი ლარი იყო.
დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ 2020 წელს COVID-19 პანდემიის შედეგად, „სილქნეტის“ გარკვეულ სერვისებზე მოთხოვნა შემცირდა, რამაც კომერციულ შემოსავლებზე უარყოფითად იმოქმედა. შედეგად, მათი გათვლებით, COVID-19-ის უარყოფითმა ეფექტმა შემოსავალზე დაახლოებით 32 მილიონი ლარი შეადგინა.
მომზადებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ საგრძნობი ზრდაა მობილურ ინტერნეტის ქსელში ინვესტიციების კვალდაკვალ, რის შედეგადაც 4G-ით მოსახლეობის დაფარვამ 2020 წელს 97%-ს მიაღწია, 2017 წელს 57%-თან შედარებით. დოკუმენტის თანახმად, გაუმჯობესებული დაფარვით და ქსელის ტევადობით, ერთ აბონენტზე საშუალო მოხმარებამ 2020 წელს სარეკორდო, 4.8GB-ს მიაღწია, 2018 წელს 1.6GB-სთან შედარებით. ანგარიშში წერია, რომ მოხმარების ორგანულ ზრდას 2020 წელს ხელი კომპანიის მიერ შეთავაზებულმა ულიმიტო პაკეტების აქციებმა შეუწყო.
„სილქნეტი“ 2009 წელს დაარსდა და დღეს კომპანიას 2 075 თანამშრომლი ჰყავს. კომპანიის მობილური აბონენტების რაოდენობა 1,7 მლნ–ს შეადგენს, ფიქსირებული ინტერნეტით 292 000 ოჯახი სარგებლობს, ხოლო Pay TV — 228 000 მომხმარებელი. კომპანიის ჯამური აქტივების მოცულობა 882 მლნ ლარს შეადგენს.
ბაჩო ადამია