2020 წელს სს „ევექსი ჰოსპიტლების“ წმინდა მოგება 2019 წელთან შედარებით 208%-ით შემცირდა და ზარალმა 31 504 000 ლარი შეადგინა. კომპანიის შემოსავალმა სამედიცინო მომსახურებიდან 255 218 000 ლარი შეადგინა. მიუხედავად პანდემიისა, „ევექსი ჰოსპიტლების“ შემოსავალი 2020 წლის განმავლობაში 11%-ით შემცირდა. აღსანიშნავია, რომ კომპანიის 2019 წლის მოგება 29 305 000 ლარი იყო, ხოლო 2018 წლის მოგება 17 647 000 ლარს შეადგენდა.
აუდიტორული კომპანია EY-ის მიერ მომზადებულ წლიურ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2020 წლის აგვისტოში ევექსმა ხელი მოაწერა ნასყიდობის ხელშეკრულებას გნკო-ს (ე.წ „ინგოროყვას კლინიკაში) კაპიტალში 40%-იანი წილის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისთვის მიყიდვის თაობაზე. ნასყიდობის მთლიანი ფულადი საზღაური 12 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს (36.8 მილიონი ლარი). ირკვევა, რომ „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ დარჩენილი 10%-იანი წილის გაყიდვას 2021 წელს გეგმავს. გარიგების შედეგად გასხვისებიდან მიღებული ზარალი 26,140 ლარს გაუტოლდა.
გასულ წლის სექტემბერში „ევექსმა“ კიდევ ერთი ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმა, ამჯერად „მეხუთე კლინიკაში“ 24%-იანი წილის დავით ხაზარაძისთვის მიყიდვის თაობაზე. ნასყიდობის მთლიანი ფულადი საზღაური 1.3 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. გარიგების შედეგად გასხვისებიდან მიღებული ზარალი 3,580 ლარს გაუტოლდა.
ამასთან, ანგარიშგების მიხედვით, საქართველოში COVID-19-ის პანდემიის დაწყების შემდეგ, 2020 წლის განმავლობაში ჯგუფმა განახორციელა ფულადი სახსრების დაგროვებისა და შენახვის სტრატეგია. COVID-19-ის ვირუსის ფართო გავრცელების გამო ჯგუფმა მოახდინა ჯანდაცვის მომსახურების ექვსი ობიექტის მობილიზაცია, სადაც ხდებოდა მხოლოდ COVID-იანი პაციენტების მიღება და ასევე ჯანდაცვის მომსახურების ჰიბრიდული შვიდი ობიექტის მობილიზაცია, რომლებიც ემსახურებოდა როგორც COVIDიან, ისე სხვა პაციენტებს.
2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სს „ევექსი ჰოსპიტლების“ მიმოქცევაში არსებული აქციების რაოდენობა იყო 47,828,217 (2019 წ.: 47,828,217). თითოეული აქციის ნომინალური ღირებულება 0.1 ლარს შეადგენდა და მათგან ყველა სრულად იყო განაღდებული. 2020 წლის დეკემბერში ჯგუფმა მშობელი კომპანიისთვის გამოაცხადა 81,800 ლარის დივიდენდი, რომელიც ძირითადად მოიცავდა მშობელი კომპანიისთვის მანამდე გაცემული და 2020 წლის მეორე ნახევარში კაპიტალად გარდაქმნილი სესხის კონვერტაციას.
შეგახსენებთ, რომ სს „ევექსი ჰოსპიტლები“ 2014 წლის 1 აგვისტოს დაფუძნდა. ჯგუფი სამედიცინო მომსახურებას სტაციონარულ და ამბულატორიულ მომხმარებლებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში არსებული საავადმყოფოების ქსელის მეშვეობით უწევს. ევექსის 100%-იანი წილის მფლობელი სს „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფია“. კომპანიისა და მისი შვილობილი კომპანიების საბოლოო მშობელი კომპანია საჯარო სააქციო საზოგადოება „ჯორჯია კაპიტალია“. ჯამში კომპანია 17 ჰოსტიტალს ფლობს 2 596 საწოლით.