პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი იანვარ-მარტში 7.2%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს.
როგორც პარლამენტის საბიუჯეტო ოფისში აცხადებენ, იმის მიუხედავად, რომ გასული წლის პირველ კვარტალში 15%-იანი ეკონომიკური ზრდა იყო, რაც მაღალ საბაზო მაჩვენებელია, წელს მასთან მიმართებით მაინც კარგი ზრდა დაფიქსირდება.
„საბიუჯეტო ოფისის 2023 წლის პირველი კვარტლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ემყარება დაშვებებს, რომ 2022 წლის პირველ კვარტალთან შედარებით:
• ტურიზმის მოცულობა დაახლოებით 2.9-ჯერ გაიზრდება (2019 წლის პირველ კვარტლის პანდემიამდელ მაჩვენებელთან შედარებით დაახლოებით 1.1-ჯერ მეტი). ამავე დროს გაიზრდება ქვეყნიდან გასული ვიზიტორების რიცხოვნობაც;
• ტურიზმის ექსპორტის მნიშვნელოვან ზრდასთან ერთად კვლავ შენარჩუნდება შიდა ტურიზმის აქტივობა;
• გაიზრდება როგორც კერძო მოხმარების, ისე ინვესტიციების მოცულობა, რაც განაპირობებს მთლიანი მოხმარების და ინვესტიციების ზრდას და ეკონომიკური აქტივობის აღნიშნულ დადებით ტემპს;
• მომსახურებით ვაჭრობის მკვეთრი ზრდის პარალელურად, მოსალოდნელია საქონლით ვაჭრობის მნიშვნელოვანი ზრდაც. მთავრობის საინვესტიციო აქტივობების ზრდასთან ერთად, გაზრდილი მოხმარების და კერძო ინვესტიციების პარალელურად მოსალოდნელია, რომ მნიშვნელოვნად გაიზრდება საქონლის იმპორტის რაოდენობაც;
• გლობალური ეკონომიკის გაჯანსაღების ფონზე მოსალოდნელია, რომ გაიზრდება ექსპორტზე მოთხოვნა და შესაბამისად, გაიზრდება საქონლის ექსპორტის მოცულობაც.
„აღნიშნული დაშვებების რაოდენობრივი შეფასების შედეგად მოსალოდნელია, რომ 2023 წლის პირველ კვარტალში იმპორტის მოცულობა უფრო მეტად გაიზრდება, ვიდრე ექსპორტი და წმინდა ექსპორტის კომპონენტი -1.4%-ული პუნქტით განსაზღვრავს ეკონომიკური აქტივობის ცვლილებას, ხოლო აბსორბციის (მოხმარების და ინვესტიციების ჯამი) კომპონენტი მნიშვნელოვნად გაიზრდება და მშპ-ის ცვლილებას 8.6%-ული პუნქტით განაპირობებს,“- ნათქვამია პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის შეფასებაში.