პარლამენტმა „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების, ბათუმის ავტობუსების პროექტი“ №2 ცვლილების შეთანხმების“ რატიფიცირების შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი განიხილა და მხარი 83 ხმით დაუჭირა.
2017 წლის 13 ივლისს ხელი მოეწერა „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმებას“, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება „ბათუმის ავტობუსების პროექტი“. პროექტის მიხედვით დაფინანსდა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისთვის ახალი, ეკოლოგიურად ეფექტური ელექტრო და დიზელზე მომუშავე ავტობუსების შეძენა. აღნიშნული პროექტისთვის EBRD-მა გამოყო 5,5 მლნ. ევროს სესხის სახით, ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის საპარტნიორო ფონდის მიერ გაიცა 1,5 მლნ. ევრო გრანტის სახით.
შეთანხმებაში უკვე შესულია პირველი ცვლილება.
ამჟამად წარმოდგენილი ცვლილება №2 ითვალისწინებს სესხის ფარგლებში ჩამოურიცხავი თანხის გამოყენებას ბათუმის მუნიციპალური სატრანსპორტო სისტემის განვითარებისთვის, რომელიც გულისხმობს საინფორმაციო ელექტრონული ტაბლოების შეძენასა და დამონტაჟებას.
„წარმოდგენილი შეთანხმებით არ ხდება ახალი სესხის აღება. ეს არის წარმოქმნილი ეკონომიის გამოყენება და მისი მიმართვა სატრანსპორტო სისტემის განვითარებისთვის“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს